შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც რაიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი - პრეზიდენტი ლაზარე გრიგორიადისზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რომ შეწყალება არის "დამნაშავე ადამიანების შეწყალება" და ეს აქტი მხოლოდ მისი დისკრეციაა. ეს განცხადება მან საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში, "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე საუბრისას გააკეთა. ჟურნალისტმა თამთა სანიკიძემ პრეზიდენტს ჰკითხა, რომ გრიგორიადისის შეწყალება "არაერთხელ გაიხსენეს დაძაბულობის ესკალაციის კონტექსტში".

"18 წლის ბავშვი რომ არ უნდა დალპეს ციხეში, შეიძლება მოინანიოს, შეიძლება შეცდომა დაუშვა... შეწყალება არის შეწყალება დამნაშავე ადამიანების და არა უდანაშაულოების. ეს არის ჩემი დისკრეცია. არავის აქვს უფლება, დასვას კითხვა ამ დისკრეციაზე", - თქვა პრეზიდენტმა, რა დროსაც ჟურნალისტმა დამატებითი კითხვა დაუსვა: "თქვენი აზრით, ის იყო უდანაშაულო?"

"არ მითქვამს. პირიქით ვამბობ. შეწყალება ეხება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ რაიმე დანაშაული ჩადენილი. პრეზიდენტის შეფასება, ვინმე უნდა შეიწყალო თუ არ შეიწყალო, ეს დისკრეციაა. ეს ეხება სინდისს, რისთვისაც ვრჩები შემდეგ მარტო ჩემ თავთან", - უპასუხა პრეზიდენტმა.

მან ასევე ილაპარაკა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზეც. ზურაბიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ გაფრთხილებული "ტროლები და ინფლუენსერები" დეზინფორმაციას ავრცელებდნენ, თითქოს იგი სააკაშვილის შეწყალებას აპირებდა.

"სხვათა შორის, თუ შეწყალებაზე ვსაუბრობთ, ის ხალხი, აქ რომ იყო მოსული, რომ შემომესიეთ ახლახან, ერთი წლის წინ, რომ თქვენ აპირებთ [მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას]... ეს იყო გაფრთხილებული "ოცნებაში", მათი ტროლების და ინფლუენსერების. როდის ვთქვი მე, რომ შევიწყალებდი? მე ვთქვი, რომ არასდროს არ შევიწყალებ და არ შევიწყალე, აგერ".

ასევე ნახეთ პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა

ლაზარე გრიგორიადისის საქმის ქრონოლოგია:

  • „აგენტების კანონის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 2023 წლის 29 მარტს დააკავა.
  • 31 მარტს სასამართლომ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
  • 8 აპრილს სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა გრიგორიადისს გირაოს გამოყენებაზე და პატიმრობაში დატოვა.
  • 26 ივნისს გრიგორიადისის ადვოკატებმა მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. გრიგორიადისი ითხოვდა ხელისუფლების წარმომადგენლების მადისკრედიტებელი განცხადებებით მისთვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებას. სასამართლომ ეს სარჩელი წარმოებაში არ მიიღო.
  • 2023 წლის 25 სექტემბერს ლაზარე გრიგორიადისს ორი წლის წინანდელ დანაშაულზე წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მაშინ გრიგორიადისმა მამა - ბექა გრიგორიადისი - დაჭრა.
  • 22 ნოემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა პოლიციელების წერილი, რომლითაც ისინი საქართველოს პრეზიდენტს სთხოვდნენ, არ შეეწყალებინა ლაზარე გრიგორიადისი.
  • 2024 წლის 15 იანვრიდან 2024 წლის 8 აპრილამდე მოსამართლე ზვიად შარაძემ სამჯერ გადადო დასკვნითი სასამართლო სხდომა.
  • 2024 წლის 12 აპრილს ზვიად შარაძემ ლაზარე გრიგორიადისი დამნაშავედ ცნო მისთვის ბრალად წაყენებულ ორივე დანაშაულში და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამ დანაშაულებზე სასჯელის უმაღლესი ზომა 11 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა.
  • ლაზარე გრიგორიადისის განაჩენის გამოცხადება დროში დაემთხვა „აგენტების კანონის“ ხელახალ ინიციირებას, - სწორედ ამ კანონის წინააღმდეგ გამოვიდა 2023 წლის მარტში ლაზარე გრიგორიადისი ათასობით მოქალაქესთან ერთად საპროტესტო აქციებზე. 2024 წლის 17 აპრილს საქართველოს პარლამენტმა, ასევე მძლავრი სამოქალაქო პროტესტის ფონზე, პირველი მოსმენით მიიღო „აგენტების კანონის“ მცირედით შეცვლილი რედაქცია.
ასევე ნახეთ რატომ არის ლაზარე "იდეალური დამნაშავე"