სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, უსამართლო არ ყოფილა გადაწყვეტილება, რომელიც უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეზე. უზენაესმა სასამართლომ კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო, რითაც გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
ამასთან, სტრასბურგის სასამართლო მიუთითებს, რომ კეზერაშვილის მიმართ დაირღვა ადამიანის უფლებათა კონვენციის მუხლი:
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) პირველი პუნქტი, უზენაესი სასამართლოს ობიექტური მიუკერძოებლობის ნაკლებობის გამო.
არ დარღვეულა მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) 1-ლი და მე-3 პუნქტები, უზენაესი სასამართლოს მიერ ქვედა სასამართლოების გამამართლებელი განაჩენის გაუქმებით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სარჩელის განხილვისას უზენაესი სასამართლოს ობიექტურობაში ეჭვის შესატანად საკმარისი საფუძველი იყო სასამართლოს კოლეგიაში ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის ყოფნა.
თუმცა, სტრასბურგის სასამართლოს არ მიუჩნევია, რომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო და მთლიანობაში პროცესის სამართლიანობის უარყოფას გამოიწვევდა.
დავით კეზერაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს სარჩელით 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. გადაწყვეტილება დიდმა პალატამ შვიდი მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ბრიფინგზე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი ანრი ოხანაშვილი და განაცხადა, რომ სასამართლომ დაადგინა, რომ დავით კეზერაშვილის მიმართ ადგილი არ ჰქონია პოლიტიკური ნიშნით დევნას, რომ ასევე დასაბუთებული იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს განაჩენი კეზერაშვილის დამნაშავედ ცნობის შესახებ და რომ არ დარღვეულა უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ.
"ვულოცავ ჩვენს სახელმწიფოს, ქართულ ჯარს და ჩვენს საზოგადოებას ევროპულ სასამართლოში ამ ღირსეულ გამარჯვებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
2021 წლის სექტემბერში უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა. მას სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, თუმცა სასჯელი ამნისტიის შედეგად განახევრდა.
კეზერაშვილის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ სამი წევრის შემადგენლობით. ესენი არიან შალვა თადუმაძე, ლევან თევზაძე და მერაბ გაბინაშვილი.
ასევე ნახეთ დავით კეზერაშვილს რუსეთში დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯეს2017 წელს სააპელაციო სასამართლომ კეზერაშვილის საქმეზე გამოიტანა გამამართლებელი განაჩენი, რომელიც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. იმ დროს გენერალური პროკურორის თანამდებობას შალვა თადუმაძე იკავებდა.
პროკურატურა კეზერაშვილს ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვას ედავებოდა.
2012 წლის შემდეგ დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურამ რამდენიმე საქმეზე დაიწყო დევნა, კეზერაშვილი სასამართლომ, მათ შორის, გაამართლა „ტელეიმედის“ გასხვისების საქმეზე.
ასევე ნახეთ პროკურატურის ცნობით, თაღლითური ქოლ-ცენტრის ხელმძღვანელმა თანხა კეზერაშვილის ანგარიშზე ჩარიცხა