უკრაინის დელეგაცია, რომელსაც პრეზიდენტის ოფისის უფროსი ანდრი ერმაკი ხელმძღვანელობდა, ვაშინგტონში შეხვდა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოლიტიკური გუნდის წარმომადგენლებს.
სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შეხვედრა 4 დეკემბერს გაიმართა. უკრაინელები, რომლებიც რუსეთთან ომში აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ, მაიკ უოლცს და კით კელოგს შეხვდნენ.
პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს მაიკ უოლცი დანიშნოს მრჩევლად ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ხოლო კით კელოგი - სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში.
ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?Reuters-ის წყაროს შეხვედრის დეტალები არ დაუკონკრეტებია. ტრამპის გუნდში სააგენტოს კომენტარზე უარი უთხრეს.
ვაშინგტონში გამართული შეხვედრის შემდეგ უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არაფერი უთქვამს. მანამდე, 4 დეკემბერს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიგამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ერმაკი „მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის" აშშ-ში იმყოფება.
რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის უფლებამოსილების შესრულებას 2025 წლის 20 იანვრიდან შეუდგება, უკრაინასა და რუსეთს შორის ომის დასრულებას მოლაპარაკებებით აპირებს, თუმცა მისი კონკრეტული გეგმა ჯერჯერობით უცნობია.
ასევე ნახეთ "რუსეთის ჯარი ძალიან ჩქარობს". რა ხდება კურსკში?