"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა, რომ არ ეშინიათ ოფისების დარბევის და დაკავებების, ასევე მზად არიან, სამართლებრივად დაეხმარონ ყველა დაკავებულს.
"მთავარია ის, რომ ბრძოლა გრძელდება. გასაგებია, რომ ახლა გადატეხვაზეა, ვის შეეშლება და საით გადატყდება. გაჩერებას არ აპირებენ ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე გამოდიან რუსთაველის გამზირზე და იბრძვიან. მთავარი, რაც უნდა გესმოდეთ ყველას, ვინც ახლა მისმენს: ვინც აქ იყო შეკრებილი და ვინც არ იყო, პოლიტიკოსებს ვგულისხმობ, ყველა რომ დაგვიჭირონ, ბრძოლა უნდა გააგრძელოთ. ეს არის მთავარი. საბოლოო ჯამში, ამ ბრძოლას მოიგებთ თქვენ, ის ადამიანები, რომლებიც რუსთაველზე იბრძვიან. ბრძოლა უნდა გააგრძელოთ ნებისმიერ შემთხვევაში", - თქვა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საპროტესტო აქციები უნდა გაგრძელდეს და მთელი საქართველოს მასშტაბით "საყოველთაო დაუმორჩილებლობა" უნდა გამოცხადდეს.
"ძალადობის ახალ ეტაპს, რასაც ველოდით თვითმარქვია რეჟიმის მხრიდან, ვუპირისპირებთ ერთიანობას და კიდევ ერთხელ ერთიანობას. დავიცავთ თითოეულ ახალგაზრდას და დარწმუნებული ვართ, საბოლოო გამარჯვებამდე მივალთ. რაც მთავარია, ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რომ არა მხოლოდ გავაგრძელოთ პროტესტი, არამედ საყოველთაო დაუმორჩილებლობა - გაფიცვა - მოხდეს მთელ საქართველოში. რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფრისთვის".
ასევე ნახეთ პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებში ჩხრეკას ატარებს4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე. კრიმინალური პოლიციის დირექტორის თქმით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის საქმეზე შვიდი პირი დააკავეს, ხოლო "გადაუდებელი აუცილებლობიდან" გამომდინარე, ექვსი პირის სახლების ჩხრეკა ჩატარდა.
ასევე ნახეთ კუპატაძე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მონაწილეობის საქმეზე 7 პირი დავაკავეთ