რუსეთის რეგიონებზე ღამით და დილით დრონებით შეტევა იყო

საილუსტრაციო ფოტო არქივიდან. უკრაინული დრონით შეტევის შედეგად დაზიანებული სახლი და ავტომანქანა როსტოვში

რუსეთის რეგიონებზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა იყო. თავდაცვის სამინისტრომ დილით ორჯერ გაავრცელა მონაცემები, რომელთა მიხედვით, რუსეთის რვა რეგიონში 35 უკრაინული დრონი მოიგერიეს. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია დადასტურებული არ არის.

ზოგიერთი რუსული ტელეგრამ-არხის ცნობით, უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის ერთ-ერთი სამიზნე იყო ქალაქ რიაზანთან მდებარე სამხედრო აეროდრომი „დიაგილევო“. სანდო წყაროები ამის შესახებ ჯერჯერობით არაფერს იუწყებიან.

რიაზანის ოლქის გუბერნატორმა პაველ მალკოვმა დილით ტელეგრამ-არხზე მხოლოდ ის დაწერა, რომ მოგერიებული უკრაინული დრონების ნამსხვრევებმა კორაბლინსკის რაიონში ოთხი სახლი დააზიანა, არავინ დაშავებულა.

ასევე ნახეთ რუსეთის უმსხვილეს საპორტო ქალაქ ნოვოროსიისკში აფეთქებები იყო

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ჯერ განაცხადა, რომ ღამის განმავლობაში 6 უკრაინული დრონი გაანადგურეს როსტოვის ოლქში, 5 - ბრიანსკში, 5 - კრასნოდარის მხარეში, 4 - ბელგოროდის ოლქში, 3 - რიაზანში და 1 - ასტრახანის ოლქში, შემდეგ კი გაავრცელა მეორე ცნობა, რომ დილით 6 დრონი მოიგერიეს როსტოვში, 2 - კურსკის ოლქში, 1 - რიაზანში, 1 - კალუგის ოლქში და 1 - ბრიანსკში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ხმელეთზე შედეგების შესახებ არაფერს იუწყება. უკრაინას რუსეთის რეგიონებზე დრონებით დღევანდელი შეტევის შესახებ ჯერჯერობით არაფერი უთქვამს.