ფოტოგრაფმა გელა მეგრელიძემ დაახლოებით 20 წლის წინ მიიღო გერმანიის მოქალაქეობა, თუმცა პანდემიის შემდეგ ის თითქმის სულ საქართველოშია.
გელა მეგრელიძე სპეცრაზმელებმა საქართველოს პარლამენტის წინ 1 დეკემბერს, ღამის 1 საათის მახლობლობაში დააკავეს
დაკავების ღამეს ის ასე იხსენებს.
"ჭიჭინაძის და ჩიტაძის ქუჩებზე უკვე წყლის ჭავლი იყო გაშვებული და ხალხი იქით იყო გაქცეული, პარლამენტთან თითქმის არავინ აღარ იყო... ჩემ კამერებს და ფიზიოლოგიურ ხსნარებს ვახარისხებდი. უცბად გაიხსნა პარლამენტის რკინის კარი, გამოცვივდნენ იქიდან რობოკოპები და დაერიენ იქ დარჩენილ ორ კინკილა ადამიანს. რომ შევყვირე რა ხდებოდა, დამიჭირა ორმა კაცმა და წამიყვანეს მარშუტკაში. იქ რომ ყველამ მცემა, დედამ მაგინა და ა.შ., ეგ არის სტანდარტული ისტორია. რობოკოპებმა წამართვეს ტელეფონი, კამერა, დამტენი;
გადამცეს საპატრულოს, რომელიც იყო ხაზგასმით კეთილი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ეს სიკეთეც ნათამაშები სიკეთეა. მთავარ სამმართველოში რომ გადამიყვანეს კახეთის გზატკეცილზე, იქ ისეთი ნაცემი ხალხი დამხვდა, დასისხლიანებულები, მაგიდაზე დაკავების ოქმზე ხელმოსაწერად რომ დასვეს, სისხლი წვეთავდა მაგიდიდან.
ამ ოქმებში ეწერა ყველგან ერთი და იგივე: "ვიდექი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ვცდილობდი გამერღვია პოლიციის კორდონი, ვიგინებოდი, ვისროდი ქვებს..." - საერთოდ არ ვყოფილვარ ჭიჭინაძის ქუჩაზე. ამ ოქმებზე უმეტესობამ ხელი არ მოაწერა, ისე გადაიყვანეს წინასწარი დაკავების იზოლატორში.
მე, როგორც საქართველოს არამოქალაქე, გამომიშვეს ხელწერილით სახლში, რომ სასამართლოზე გამოვცხადდებოდი. წამოსვლამდე ვიკითხე სად არის ჩემი ნივთები და როგორ დავიბრუნო, მითხრეს, რომ ხვალ მიდი შინაგან საქმეთა სამინისტროში და დაგიბრუნებენო. გავაკეთე ეს განაცხადი და იმასაც გაეცინა, ვისაც ეს წერილი დავუტოვე", - ჰყვება გელა და იქვე ამატებს, რომ ეს არ არის მთავარი, რაც მას გადახდა.
დაკავებიდან მესამე დღეს, 3 დეკემბერს გელას შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის სამსახურიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს, თუმცა არ უთხრეს, რატომ.
"არაფერია ისეთი, ნახევარ საათს გაგრძელდება მხოლოდო", - უთხრეს მას.
გელამ გერმანიის საელჩოშიც დარეკა, ადვოკატთანაც გაიარა კონსულტაცია, თუმცა მაინც ვერ მიხვდა ,რატომ უნდა გამოცხადებულიყო აუცილებლად მიგრაციის დეპარტამენტში, სადაც არც დაბარების მიზეზს ეუბნებოდნენ და არც ოფიციალურ დოკუმენტს უგზავნიდნენ, სადაც ახსნილი იქნებოდა რას ითხოვს მისგან სახელმწიფო.
"ამასობაში ეს ქალბატონი უწყვეტად რეკავდა. ბოლოს ვუპასუხე და მითხრა, დღეს უკვე ძალიან გვიანია, ხვალ მოდით თუ შეიძლებაო, ამ ლაპარაკის დროს გამოართვა ვიღაც კაცმა ტელეფონი და მითხრა, რომ იყო დეპარტამენტის უფროსი, აუცილებლად უნდა მივსულიყავი და თან უნდა მქონოდა ვადაგაუსვლელი სამგზავრო დოკუმენტი, თორე დაცვა არ შემოგიშვებთო. ამასობაში ვნახე, რომ რუსეთის მოქალაქეებს ზუსტად ასე ურეკავენ და უშვებენ საქართველოდან", - გვიყვება გელა და შიშობს, მასაც ქვეყნიდან გაძევება არ ემუქრებოდეს.
ინფორმაცია აქციებზე დაკავებული და ნაცემი რუსეთის მოქალაქეების სომხეთში გაძევების შესახებ გამოცემა The Insider-მა 3 დეკემბერს გამოაქვეყნა. მათი მასალის მიხედვით, მიხაილი, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა და მუშაობდა, 29-დან 30 ნოემბრის ღამით დააკავეს იმ დროს, როცა ჟურნალისტების გვერდით იდგა და პროტესტს ტელეფონით იღებდა.
რუსეთის მოქალაქის თანახმად, 1-დან 2 დეკემბრის ღამით, ის განმარტებების გარეშე გადაიყვანეს მიგრაციის სამსახურში, შემდეგ კი ავტომანქანით მიიყვანეს სომხეთის საზღვრამდე და იქ დატოვეს. მისივე ცნობით, სომხეთიდან საქართველოში დაბრუნებას შეეცადა, თუმცა ქართველმა მესაზღვრეებმა ქვეყანაში არ შეუშვეს.
ასევე ნახეთ The Insider: თბილისში აქციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე სომხეთში გააძევეს„ძალიან საინტერესო დეტალია ის, რომ არიან რუსეთის მოქალაქეები, იყო ერთგვარი დაჯგუფება და ამ დაჯგუფების წევრები დაკავებული არიან სამართალდამცველი უწყებების მხრიდან. ასევე იყო ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში, შესაძლოა, საქმე გვქონდეს უცხოელ ინსტრუქტორებთან, რომლებიც აორგანიზებენ ძალადობრივ დაჯგუფებებს, თუმცა მე წინ ვერ გავუსწრებ მოვლენებს, ეს არის გამოძიების საქმე“, - თქვა პრემიერ-მინისტრმა პირველ დეკემბერს, პროტესტის მესამე ღამის შემდეგ.
საქართველოში სხვადასხვა დროს გამართული საპროტესტო აქციებისას ხელისუფლება საუბრობს უცხო ძალების მონაწილეობაზე ამ პროცესში და მიანიშნებს, რომ მოვლენები გარედან იმართება.
2024 წლის გაზაფხულზე "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო აქციებისას ხელისუფლებას გარედან მართვის მაგალითად მოჰყავდა მოლდოვისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე გურამ ადამიას მაგალითი, რომელიც წლებია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს და რომელსაც გაზაფხულის აქციებზე სპეცრაზმელებმა სასტიკად სცემეს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ასევე ნახეთ აქციაზე დაკავებული გურამ ადამია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდა