საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტი არ განხორციელდება, გადავხედავთ თანამშრომლობას - გერმანიის ეკონომიკის სამინისტრო

საილუსტრაციო ფოტო. გერმანიის დროშა

გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების მინისტრი სვენია შულცე ეხმაურება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების შეჩერებაზე. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ განვითარების სამინისტრო გადახედავს ყველა არსებულ თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან.

"საქართველოსთან არცერთი ახალი პროექტის დაპირება არ იქნება და არ განხორციელდება, ასევე არც სესხის ხელშეკრულებები არ გაფორმდება. ვიტოვებთ უფლებას, მივიღოთ შემდგომი ზომები ჩვენს ევროპელ და საერთაშორისო პარტნიორებთან კონსულტაციით", - წერია განცხადებაში, რომელშიც ასევე აღნიშნულია, რომ დღემდე საქართველოსთან თანამშრომლობა მიზნად ისახავდა ევროკავშირთან დაახლოების ხელშეწყობას და ეკონომიკურ განვითარებას.

"ამ გადაწყვეტილებით საქართველოს მთავრობა დროებით მაინც ბლოკავს საკუთარი მოქალაქეების ევროპული მომავლის შანსს. ქართველების დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა. ყოველდღე თბილისსა და სხვა ქალაქებში ხალხი გამოდის ქუჩებში, რადგან მათ სურთ ევროპული, კოსმოპოლიტური საქართველო. სხვათა შორის, ევროკავშირთან დაახლოების შესახებ ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაშიც არის.

განვითარების სამინისტრო დღემდე მხარს უჭერდა საქართველოს ევროპულ გზას. საქართველოს მთავრობასთან ეს თანამშრომლობა არსებითად ვეღარ განხორციელდება. ეს ვალდებულება შეიძლება გაგრძელდეს მომავალში, იქ, სადაც ეს ქვეყნის ევროპულ კავშირებს გააძლიერებს", - განაცხადა მინისტრმა სვენია შულცემ.

„ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

ამ გადაწყვეტილებას თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.