ნატოს გენერალური მდივანი: უკრაინა მალე არ უნდა მოელოდეს ალიანსში გაწევრიანებისთვის მიწვევას

მარკ რიუტე ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ბრიუსელში. 3 დეკემბერი, 2024 წელი

ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რიუტემ განაცხადა, რომ უკრაინას არ შეუძლია მოელოდეს, როგორც ეს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოითხოვა, ნატოში გაწევრიანებისთვის მალე მიწვევას.

ეს რიუტემ განაცხადა ბრიუსელში ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრის დაწყებისას. რიუტეს თქმით, ნატო ახლა დაკავებულია მეტად სამხედრო დახმარებით და ნაკლებად იმით, როგორი იქნება სამშვიდობო პროცესი.

ნატოში უკრაინის შესვლას კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი უსაფრთხოების პოლიტიკის საფუძველზე.

უფრო ადრე ზელენსკიმ გამოთქვა სურვილი, რომ ნატოში მიწვევით უკრაინა შეძლებდა კიევის კონტროლის ქვეშ მყოფი ტერიტორიების რუსეთის ჯარებისგან დაცვას. სანაცვლოდ, ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა, სამშვიდობო მოლაპარაკების ჩარჩოებში მოსკოვის მიერ დაკავებულ ტერიტორიებზე თავდაპირველად უარი თქვას. რიუტე ვერ ხედავს ვერავითარ მინიშნებას, რომ მოსკოვს უკრაინასთან ომის დასრულების ინტერესები აქვს. რიუტემ ხაზი გაუსვა, რომ ჩრდილოეთკორეელი სამხედროების განთავსება უკრაინის ჯარის წინააღმდეგ და ახლად შექმნილი რაკეტების გამოყენება ომში არ ატარებს დათმობის ნიშნებს.

ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 3 დეკემბერს დაიწყო. დღის წესრიგში ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთთან მიმდინარე ომში უკრაინის მხარდაჭერაა. შეხვედრის წინა დღეს ოფიციალურმა კიევმა კვლავ მიმართა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს თხოვნით, რომ ნატოში გაწევრიანების ოფიციალური მიწვევა გაუგზავნოს, რასაც უკრაინა უსაფრთხოების გარანტად მიიჩნევს.

გავრცელებული ინფორმაციით, ნატოში ამ თემაზე კონსენსუსი არ არსებობს: უნგრეთი და სლოვაკეთი ღიად ეწინააღმდეგებიან უკრაინის ალიანსში მიწვევას, ამ დროისთვის უკრაინის მიწვევისთვის მზად არ არიან აშშ და გერმანია - რუსეთთან ომში უკრაინის ორი უდიდესი სპონსორი სახელმწიფო.

ასევე ნახეთ მარკ რიუტე: მხოლოდ უკრაინას შეუძლია გადაწყვიტოს, როდის დაიწყოს რუსეთთან მოლაპარაკებები