3 დეკემბერს მთავრობის კანცელარიაში გამართულ პრესკონფერენციაზე "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „საჯარო სამსახურის თვითწმენდა“ უწოდა საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების მიერ პროტესტის ნიშნად გავრცელებულ განცხადებებს, რომლებშიც გამოხატული იქნა უკმაყოფილება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
ასევე ნახეთ სალომე ზურაბიშვილი საჯარო მოხელეების ნაწილის პროტესტს იწონებს, შსს-ს კი მოუწოდებს არ დაშალოს აქცია„თვითწმენდის პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა და ყველა მოქმედებაზე იქნება სათანადო რეაგირება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად. გასული დღეების განმავლობაში, უცხოურმა აგენტებმა და მათმა პატრონებმა გამოიყენეს ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის მათ გამოიყენეს ბოლომდე საჯარო სამსახურში არსებული რესურსი. ამ რესურსის გამოყენება მათ შეეძლოთ ამ გაზაფხულზეც ან წინა გაზაფხულზე, ან 2022 წლის ივნისშიც, თუმცა ხედავდით, რომ გარკვეულ რესურსებს იტოვებდნენ და ბოლო რესურსი, რაც ჰქონდათ დარჩენილი, მათ შორის საჯარო სამსახურში, მათ გამოიყენეს სწორედ ამ დღეებში, თუმცა ხედავთ, რომ არც ეს რესურსი გამოადგათ საბოლოო ჯამში „ნაცმაიდნის“ წარმატებისთვის. <...> ჩვენ ვაკვირდებოდით, რა თქმა უნდა, ყველას მოქმედებას და ყველას მოქმედებაზე გვექნება რეაგირება. ეს რეაგირება იქნება კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ რეაგირება იქნება, ამას ვამბობ მთელი პასუხისმგებლობით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მოსასმენად, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც წუხან „ნაცმაიდნის“ მცდელობის გამო და იმ ვითარების გამო, რომელიც შექმნეს რადიკალურმა პოლიტიკოსებმა ამ დღეების განმავლობაში ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.
საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.
ბოლო ხუთი დღის განმავლობაში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციებისას ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მუხლებით, დაკავებულია 260 დემონსტრანტი. სასამართლო სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 2 დეკემბრის დილას გავრცელებული სტატისტიკის თანახმად, საქმის წარმოება დასრულდა 74 პირის მიმართ. დასრულებული 74 საქმიდან, 36-ს შეეფარდა ჯარიმა, 34-ს - ადმინისტრაციული პატიმრობა.
უწყებას ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია განახლებული ინფორმაცია დაკავებულებისა და მათ შესახებ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებების თაობაზე.
სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს. შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. უფლებადამცველი ორგანიზაციები და სახალხო დამცველი აცხადებენ, რომ ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი