ირაკლი კობახიძე: "ოპოზიცია და „მდიდარი ენჯეოები“ ვერ გაექცევიან პასუხისმგებლობას"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას და „მდიდარ ენჯეოებს“ აკისრებს. მისი თქმით, პასუხისმგებლობას ვერ გაექცევიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც ძალადობას უწევდნენ ორგანიზებას, მაგრამ თავად ოფისებში იმალებოდნენ.

როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის კანცელარიაში 3 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ფლობს ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ, სავარაუდოდ, მდიდარი NGO-ების დაფინანსებული იყო მთელი რიგი აქტივობები, მათ შორის სპეციალური აღჭურვილობის შეძენა.

„ოფისებში შემალული მდიდარი NGO-ების ლიდერებიც ვერ გაექცევიან კანონით დადგენილ პასუხისმგებლობას, შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის შემთხვევაში. ოპოზიციის ლიდერები და მათი NGO-ების ლიდერები ოფისებში იყვნენ შემალული ამ დღეების განმავლობაში, თუმცა პასუხისმგებლობა არის პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს პასუხისმგებლობა აუცილებლად უნდა დადგეს კონსტიტუციისა და კანონის შესაბამისად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა და NGO-მა გაწირეს ათეულობით ადამიანი ჯანმრთელობის დაზიანებისთვის და სისხლის სამართლის სასჯელისთვის.

„ადამიანები არიან ძალადობრივი დაჯგუფების წევრები, რომლებსაც ემუქრებათ მათ შორის რამდენიმეწლიანი სისხლის სამართლის სასჯელი. ესეც არის შესაბამისი პოლიტიკოსებისა და პოლიტიკანების პასუხისმგებლობა. ამ დღეების განმავლობაში ამ ადამიანებმა იკადრეს აბსოლუტურად ყველაფერი უკადრებელი, მათ შორის გადაწვდნენ ბავშვებსაც კი. ხედავდით, რა ხდებოდა ამ დღეების განმავლობაში. ამ კამპანიაში პირდაპირ იყვნენ ჩართული როგორც რადიკალი პოლიტიკოსები, ასევე მათი მედიასაშუალებები, სალომე ზურაბიშვილი, რადიკალური ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი. ამორალურია ის, რასაც ჩვენ ვხედავდით ბავშვებთან მიმართებით მთელი ამ დღეების განმავლობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.