საია: აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

სპეცრაზმელები საქართველოს პარლამენტთან. 2024 წლის 2 დეკემბერი

საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მორიგი დაშლის შემდეგ, უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) განაცხადა, რომ შსს განაგრძობს აქციების „ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას”.

2 დეკემბერს სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აქციის დაშლა დაიწყო წინა დღეებზე ადრე, დაახლოებით ღამის 10 საათისთვის.

საიას მიერ დღეს, 3 დეკემბერს, დილით გამოქვეყნებული შეფასებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძის განცხადება, რომ „თავიდანვე დაიწყეს ღონისძიება”, რადგან „თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ”, ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიან მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას.

შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გაგრძელდა და საპოლიციო ძალები მთელი ღამის განმავლობაში პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის შევჩენკოს ქუჩაზე, დროებით ჩაქრა განათება.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

ასევე ნახეთ რადიო თავისუფლების პროდიუსერი ორდღიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს