რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა 24 ნოემბერს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები.
გადაწყვეტილება, რომელსაც წინ უძღოდა ხმების ხელახალი დათვლა, 2 დეკემბერს, გვიან საღამოს გამოაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მარიან ენაჩემ.
პირველი ტურის შედეგების დადასტურების საფუძველზე, 8 დეკემბერს მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებენ ფორმალურად უპარტიო კანდიდატი, ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ და ლიბერალური პარტიის, „რუმინეთის ხსნის კავშირის“ კანდიდატი ელენა ლასკონი.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგად, ყველასთვის მოულოდნელად, ხმების თითქმის 23%-ით პირველ ადგილზე გავიდა ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ.
სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრი მარჩელ ჩოლაკუ, რომელიც ერთ-ერთ ფავორიტად ითვლებოდა, მესამე ადგილზე აღმოჩნდა. მას მცირედით გაუსწრო ლიბერალმა ელენა ლასკონიმ(19,18%). პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო, ხმების 50%-ზე მეტი ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. კენჭს სულ 13 კანდიდატი იყრიდა.
რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საარჩევნო ადმინისტრაციას ხმების ხელახალი დათვლა 28 ნოემბერს დაავალა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის, სებასტიან პოპესკუს საჩივრის საფუძველზე. ის ამტკიცებდა, რომ პირველ ადგილზე გასულმა ჯორჯესკუმ დამალა საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წყაროები და მას მხარს უჭერდა ჩინური პლატფორმა TikTok.
ჯორჯესკუ მემარჯვენე-პოპულისტური პარტიის, „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“ ყოფილი წევრია.
ასევე ნახეთ ვინ არის რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ულტრამემარჯვენე კალინ ჯორჯესკუ?ულტრამემარჯვენეებმა საკმაოდ ბევრი ხმა მიიღეს საპარლამენტო არჩევნებშიც, რომელიც ევროკავშირის და ნატოს წევრ რუმინეთში 1 დეკემბერს ჩატარდა.
საპარლამენტო არჩევნების შედეგად ყველაზე მეტი ხმა, 22%-ზე მეტი, სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ მიიღო.
18%-ით მეორე ადგილზე გავიდა მემარჯვენე-პოპულისტური „ალიანსი რუმინელთა ერთიანობისთვის“.
ხმების 14% მიიღო და მესამე ადგილზეა სოციალ-დემოკრატების მოკავშირე, მემარჯვენე-ცენტრისტული „ნაციონალური ლიბერალური პარტია“. 7%-ზე მეტი აქვს „რუმინეთის ხსნის კავშირს“.
პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები კოალიციური მთავრობის შესაქმნელად.
ასევე ნახეთ რუმინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა პრემიერ-მინისტრ მარჩელ ჩოლაკუს სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ