რადიო თავისუფლებამ ამ ამბების შეგროვება დაიწყო. ეს პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისა და ცემის ისტორიაა.
პოეტი ზვიად რატიანი, დააკავეს ჭიჭინაძის ქუჩაზე 28-29 ნოემბრის ღამეს
ზვიად რატიანის დაკავების ცნობა 29 ნოემბერს გავრცელდა და მალევე, ფეისბუკზე გამოჩნდა ვიდეო, რომელშიც მოჩანს, როგორ შეითრია ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარმა სპეცრაზმელთა არმიამ კაცი სტაფილოსფერ ქურთუკში და როგორ გაატარა მთელი კორიდორი ცემით. ამ კადრებში ჩანს, ხან როგორ ეცემა ეს ადამიანი და იკარგება შავნიღბიანთა შორის, ხან როგორ ამოყვინთავს ზედაპირზე. ამ რამდენიმე წუთის განმავლობაში მის ცემას არ წყვეტენ. სტაფილოსფერქურთუკიან კაცში ოჯახმა და მეგობრებმა ზვიად რატიანი ამოიცნეს.
ზვიად მოტეხილი აქვს მეხუთე მალა, გატეხილი აქვს ცხვირის ძვალი და ძგიდე, თავსა და მთელ სხეულზე აქვს სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები.
მან თავად გვიამბო, რა მოხდა ჭიჭინაძის კუთხეში, სადაც თავის მეგობრებთან ერთად აპროტესტებდა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
დემონსტრანტების დაშლა ჯერ დაწყებული არ იყო. ჯერ მცირე ჩოჩქოლი იყო, რა დროსაც ზვიად რატიანი აქციის მონაწილეებს ხელით გადაეფარა.
„უბრალოდ ვიდექი, არც ვყვიროდი, მხოლოდ ეს ჟესტი გავაკეთე, ხელები გადავაფარე“, - სწორედ ამ დროს, პოლიციამ თავის სიღრმეში შეათრია და უწყვეტი ცემით მიიყვანეს ქუჩის ბოლომდე და მერე, როგორც ზვიადი გვიყვება, თრევა-ჯაჯგურით მანქანამდე.
„იქ უკვე, როცა კამერების ობიექტივები ვეღარ მომწვდა, პოლიციელები გამწარებულები მირტყამდნენ. მანქანაში შემაგდეს და კახეთის გზატკეცილამდე, სადაც დროებით გამაჩერეს, უბრალოდ არ გაჩერებულან - განუწყვეტლივ მაგინებდნენ და მცემდნენ“.
მანქანაში ზვიად რატიანი პოლიციელებთან მარტო იყო. ერთ-ერთი, რომელიც წინ ეჯდა, დამიზნებით ურტყამდა მუშტს თავში, ტანზე. ზვიადს ხელები შეკრული ჰქონდა, ამიტომ ის მხოლოდ თავის სავარძლისკენ მიტრიალებას ახერხებდა, რომ როგორმე დარტყმები სახიდან აეცილებინა.
„ძირითადად, მაგინებდნენ და გაგტეხავთო, ამბობდნენ, მიგათრევთ ახლა და ვნახავთ როგორ აჭიკჭიკდებიო. ვერ გამტეხეს“.
დროებით გაჩერების ადგილზე კიდევ ერთი ნაცემი ბიჭი დახვდა. აქციაზე ჯერ კიდევ არ იყო დარბევა დაწყებული და ისინი იმ დღეს პირველები იყვნენ, ვინც დააკავეს.
„ვიღაც ძალიან ნაცემი ბიჭი მოიყვანეს და დააწერინეს, თითქოს კიბეზე დაგორდა. მერე მომიტრიალდნენ და აი, კაი კაცები როგორ იქცევიან, შენც ასე მოიქეციო. მეც მივუგე, რაც საჭირო იყო. ამის შემდეგ უკვე ნორმალურმა პატრულმა ზაჰესის დროებითი დაკავების იზოლატორში გადამიყვანა. იქ ცემა აღარ გაგრძელებულა“, - გვიყვება ზვიად რატიანი, რომლის სასამართლო პროცესიც 2 დეკემბერს საღამოს დაინიშნა.
2 დეკემბრის დილის მონაცემებით, შსს-ს ცნობით, ბოლო დღეების საპროტესტო აქციებზე დაკავებულია 224 ადამიანი. პოლიცია მათ ძირითადად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაუმორჩილებლობას ედავება. საქალაქო სასამართლოში სხდომები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.
ნაცემთა და დაკავებულთა ისტორიები
რადიო თავისუფლებამ დაიწყო პროევროპული აქციის მონაწილეთა ცემისა და დაკავების ამბების შეგროვება:
„რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში
„კედელზე მიმანარცხა და მერე თავში მირტყა“ - სალომე ზანდუკელის ცემის ამბავი
„ფეხსაცმლის ლანჩებით მწიხლავდნენ. შემთხვევით გადავრჩი“ - გია ჯვარშეიშვილის ცემის ამბავი
ხელებშეკრულს მირტყამდნენ მუშტებს სახეში: ზვიად რატიანის ცემისა და დაკავების ამბავი