ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უფლებამოსილების ამოწურვამდე დაახლოებით თვე-ნახევრით ადრე თავისი ვაჟი ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა.
54 წლის ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ იყო ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენასა და გადასახადებისთვის თავის არიდებაში. დეკემბრის შუა რიცხვებში სასამართლოს სასჯელის ვადა უნდა განესაზღვრა. ჰანტერ ბაიდენს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ვაჟის შეწყალების შესახებ 1 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ ჰანტერი იქცა უსამართლო და შერჩევითი სასამართლო დევნის ობიექტად და მის მიმართ იყო განსხვავებული მიდგომა, ვიდრე ანალოგიური დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებისადმი. ჯო ბაიდენის განცხადებით, პრეზიდენტობის პირველივე დღიდან ამბობდა, რომ არ ჩაერეოდა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებებში და ამ პირობას ასრულებდა მაშინაც, როცა შვილის შერჩევით დევნას ხედავდა.
ჯო ბაიდენის თანახმად, მაშინ როცა დამამძიმებელი გარემოებების გარეშე იარაღის უკანონოდ შეძენისთვის სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ბრალდებით თითქმის არავის ასამართლებენ, ხოლო გადასახადებისთვის თავის არიდებაში ბრალდებულებს, დაჯარიმების და პროცენტებით თანხის დაბრუნების შემდეგ სისხლისსამართლებრივად არ დევნიან, ჰანტერს სხვაგვარად მოექცნენ.
ბაიდენის შეფასებით, ბრალის წარდგენა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც კონგრესში რამდენიმე პოლიტიკურმა ოპონენტმა გადაწყვიტა წაექეზებინა მასზე თავდასხმა, რათა ხელი შეეშალათ პრეზიდენტად კენჭისყრაში და შემდეგ სასამართლო პროცესზეც პოლიტიკური გავლენა მოახდინეს.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, საქმეში არსებული ფაქტების შესწავლით ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი მიხვდება, რომ ჰანტერი მხოლოდ იმიტომ გამოარჩიეს, რომ მისი შვილია და ეს არასწორია. ჯო ბაიდენს იმედი აქვს, რომ ამერიკელები გაიგებენ, რატომ მიიღო შეწყალების გადაწყვეტილება როგორც მამამ და პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტობის პირველ ვადაში დელავერის შტატის პროკურორად დანიშნულმა დევიდ ვაისმა ჰანტერ ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიება 2018 წელს დაიწყო და 2023 წელს ორი ბრალდება წაუყენა. გამოძიების თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენისას ჰანტერ ბაიდენმა დამალა, რომ ნარკოტიკებს მოიხმარს. გარდა ამისა, მან თავი აარიდა 1,4 მილიონი დოლარის გადასახადების გადახდას.
2024 წლის ივნისში ნაფიცმა მსაჯულებმა ჰანტერ ბაიდენი დამნაშავედ ცნეს იარაღის უკანონოდ შეძენაში, ხოლო სექტემბერში თავად აღიარა გადასახადებისთვის თავის არიდება. სექტემბერში პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებდა, რომ შვილის შეწყალებას არ აპირებდა.
შეწყალებისა და სისხლისსამართლებრივი დევნისგან გათავისუფლების შემდეგ ჰანტერ ბაიდენმა განაცხადა, რომ ნარკოდამოკიდებულების პერიოდში მის მიერ ჩადენილი შეცდომები პოლიტიკური მიზნებით გამოიყენეს ბაიდენების ოჯახის საჯაროდ დასამცირებლად. ჰანტერ ბაიდენის თანახმად, ცხოვრებას მიუძღვნის იმათ დახმარებას, ვინც დღესაც ავადაა და იტანჯება.
ასევე ნახეთ სასამართლომ დახურა ტრამპის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეებიაშშ-ის დემოკრატ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს, უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 20 იანვრიდან ეწურება. ამ დღეს ვაშინგტონში გაიმართება რესპუბლიკელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაცია.
78 წლის დონალდ ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება მას შემდეგ, რაც 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი.
- მილიარდერი ბიზნესმენი დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტი იყო 2017 წლის 20 იანვრიდან 2021 წლის 20 იანვრამდე.
- 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას ტრამპი დამარცხდა დემოკრატ ჯო ბაიდენთან, თუმცა მარცხს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
- 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
- მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი.
- კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.