„მუქარად და დაშინების მცდელობად აღვიქვით“, - ასე პასუხობს თბილისის მერიის თანამშრომელი გიგა სოფრომაძე თბილისის მერს, კახა კალაძეს, რომელიც დღეს პროევროპული პროტესტისადმი სოლიდარულ თანამშრომლებს გამოეხმაურა და თქვა: „ველოდებოდი კიდეც, რადგან რეორგანიზაცია გვაქვს გამოცხადებული და ბევრი ცვლილება იგეგმება”.
გიგა სოფრომაძე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს აღმასრულებელი მდივანია და ამ თანამდებობაზე თბილისის მერიაში 2016 წლიდან მუშაობს. მან ერთ-ერთმა პირველმა მოაწერა ხელი თბილისის მერიის თანამშრომლების საერთო განცხადებას, სადაც წერია, რომ ხელმომწერები ემიჯნებიან საქართველოს ევროკავშირში წევრობის პროცესის 2028 წლამდე შეჩერების გადაწყვეტილებას და მის გამომწვევ ყველა მიზეზს.
„ჩვენი მოსაზრებით, ეს გადაწყვეტილება არაა თანხვედრაში საქართველოს მოსახლეობის მიერ გაცხადებულ მიზანთან, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლში აისახა“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც პირველი დეკემბრის ღამის 11 საათისთვის ხელს თბილისის მერიის 207 თანამშრომელი აწერს.
ასევე ნახეთ თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება
„ამ განცხადებაში არ არის საუბარი ბოიკოტზე, გაფიცვაზე ან დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობაზე. პირიქით ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროატლატინურ სტრუქტურებში გაწევრიანება, დასავლური კურსის შენარჩუნება და ამისკენ ნაბიჯების სწრაფად გადადგმა“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას გიგა სოფრომაძე.
ის ფიქრობს, რომ თბილისის მერის განცხადება მიემართება არა მხოლოდ ხელმომწერებს არამედ მათაც, ვისაც პეტიციაზე ხელის მოწერა ჯერ არ გადაუწყვეტია.
„ყველამ ცალსახად ეს აღვიქვით მუქარად და დაშინების მცდელობად, როგორც ხელმომწერების ასევე იმ ადამიანების, ვინ შეიძლება ხელი მოაწეროს, ბევრია ისეთი, ვინც სხვადასხვა მიზეზების გამო თავს იკავებს“, - აცხადებს სოფრომაძე.
თბილისის მერმა განაცხადა, რომ თანამშრომლების ნაწილის გადაწყვეტილება არ გაკვირვებია, ელოდა კიდეც, რეორგანიზაცია დაწყებული აქვს და „ყველას თავის გზაზე გაუმარჯოსო”.
„ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - ამბობს თბილისის მერი.
გიგა სოფრომაძის თქმით, რეორგანიზაციაზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის პირველივე სხდომაზე ითქვა.
ის რადიო თავისუფლებას პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის სავარაუდო ამბავს უყვება, რომელიც დიდწილად ე.წ. აგენტების კანონის მეორედ მიღებას და მის წინააღმდეგ პროტესტს ეხება.
„ეს დამოკიდებულება აპრილი-მაისის მოვლენებიდან იგრძნობა. ჩვენ არ გაგვიკეთებია არასდროს ამაზე განცხადება და არც ვისაუბრებდით, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პროტესტს ვაფიქსირებდით და ღიად გამოვხატავდით პოზიციას, მარტიდან მოყოლებული ჩვენთვის ზეგანაკვეთურები, პრემიერი და სხვა ტიპის დანამატები აღარ ირიცხება.
თავიდან გვეგონა, რომ ეს იყო შეცდომა, როცა მოვიკითხეთ მხოლოდ ის ადამიანები ვართ შერჩეულები, რომლებიც ვეწინააღმდეგებით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს“, - ამბობს სოფრომაძე.
ის შშმ პირებისთვის მუშაობს და აქვს შეგრძნება, რომ საქმებს ჩამოაცილეს.
„ჩვენთან ინფორმაციები მიმდინარე პროექტებზე აღარც შემოდის, რაღაც პროცესებს უკვე ჩამოშორებული ვარ, თუნდაც პერსონალური ასისტენტის პროგრამა შსს-ებისთვის, ისე ხდება მისი დაგეგმვა, რომ არ მეუბნებიან. ერთადერთი შშმ პირი ვარ, ვინც ამ საქმეებში ერკვევა, მაგრამ შემთხვევით გავიგე რომ უკვე მუშაობენ”, - აცხადებს ის.
იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას. მათ განცხადება 30 ნოემბერს გამოაქვეყნეს. განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი