ჯეიკ სალივანი: უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება

თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი. სტანსშტადი, შვეიცარია. 16 ივნისი, 2024.

შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის ბირთვული იარაღის გადაცემა არ განიხილება.

ABC-ის ეთერში მისთვის დასმულ შეკითხვას სალივანმა უპასუხა: „არა, ეს არ განიხილება. რასაც ჩვენ ვაკეთებთ, არის ის, რომ ვზრდით უკრაინაში სხვადასხვა სახის კონვენციური იარაღის გადასროლას, რათა მათ ეფექტიანად შეძლონ თავის დაცვა და რუსეთის ტერიტორიაზე ომის გადატანა, მაგრამ ბირთვულს არ ვაძლევთ.“

კიევი კატეგორიულად უარყოფს ბირთვული იარაღის მოპოვების სურვილს, ექსპერტები კი სკეპტიკურად აფასებენ უკრაინის უნარს, მოკლე ვადებში მოახერხოს მისი შექმნა, რომც ჰქონდეს უკრაინას ასეთი სურვილი. მიუხედავად ამისა, ეს შესაძლებლობა მედიაში საკმად ფართოდ განიხილება უკანასკნელ დღეებში. გასულ კვირაში ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმაც. „ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, თქვა მან და აღნიშნა, რომ ამისთვის რუსეთი აამოქმედებს მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას, „მართლაც ყველას“, დასძინა პუტინმა.

ასევე ნახეთ "ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი