თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების ნაწილი ემიჯნება ქართული ოცნების გადაწყვეტილებას შეაჩეროს ევროინტეგრაცია და იურიდიული ფაკულტეტის დეპარტამენტს მოთხოვნებს უყენებს.
ისინი ფაკულტეტის დეკანისგან ითხოვენ გაემიჯნოს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიევროპულ /პრორუსულ განცხადებებს და პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესი შეაჩეროს.
განცხადების ტექსტი სტუდენტებმა თსუ-ს მეორე კორპუსის წინ წაიკითხეს:
„კატეგორიალულად და ვემიჯნებით თვითგამოცხადებული მმართველი პოლიტიკური ძალის გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ევროინტეგრაცია. ვგმობთ სპეციალური დანიშნულების რაზმის მიერ მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ჟურნალისტების დარბევას, რაც სრულად ცდება კანონის ჩარჩოებს. საუნივერსიტეტო სივრცე ყოველთვის იყო და იქნება კრიტიკული აზრის ფორმირების, ერთიანობის და სამშობლოსთვის თავდადების ადგილი.
შესაბამისად, უნივერსიტეტი ვერასდროს გახდება აპოლიტიკური, რადგან სწორედ ამ ახალგაზრდებით შენდება ქვეყნის მომავალი. სამართლის ფაკულტეტი, ისევე როგორც საქართველოს უმრავლესობა ერთხმად ირჩევს ევროინტეგრაციას, ვინაიდან ჩვენი ქვეყნის მომავალი მხოლოდ ევროპული სალემწიფოების გვერდით არის.
გვინდა შევახსენოთ საზოგადოებასა და ხელისუფლებას საქართველოს უზენაესი კანონის, კონსტიტუციის 78-ე მუხლი, რომლის მიხედვით „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.
მიგვაჩნია, რომ დუმილის დრო აღარ არის, ახლა სიჩუმე და ინერტულობაც ანტისახელმწიფოებრივი პოზიციაა. ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, ქალბატონ თამარ ზარანდიას :
1. გამოხატოს სტუდენტთა უმრავლესობის ნება და ღიად გაემიჯნოს მმართველი პარტიის მიერ გაკეთებულ ანტიევროპულ პრორუსულ განცხადებებს.
2. მიმართოს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ფაკულტეტზე შეჩერდეს სასწავლო პროცესი მანამ, სანამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს უნივერსიტეტიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ძლადობრივი მეთოდებით სასტიკად უსწორდებიან.
ამასთან, მივმართავთ თსუს იურიდიული ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალს, ლექტორ-სემინარისტებს, მკაფიოდ და საჯაროდ შემოგვიერთდით საქართველოს ევროპული მომავლისთვის უკომპრომისო ბრძოლაში.
1921 წლის რუსული ოკუპაციის დროს ბარიკადებად უნივერსიტეტის მერხები იყო აღმართული. დროა ბარიკადად თქვენი სიტყვა აქციოთ და ჩვენთან ერთად იდგეთ სიმართლის სადარაჯოზე".
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი