თბილისის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე ამბობს, რომ პარლამენტთან საპროტესტო აქციის დაწყებისთანავე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ორი პირი დააკავეს. მიზეზი, სირაძის განმარტებით, „უკანონო მოქმედებები" გახდა, რაც „პარლამენტის წინ, შესასვლელთან სხვადასხვა საგნების სროლაში, რკინის ჯებირის დამტვრევაში, ასევე, საკანონმდებლო ორგანოს შუშების ჩამტვრევასა და ოთახებში ცეცხლის წაკიდებაში გამოიხატა“.
„ სულ რაღაც 40 წუთია, მაქსიმუმ ერთი საათია, რაც დაიწყო და უკვე გარკვეულმა პირებმა დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები. მოვუწოდებ აქციის მონაწილეებს, განსაკუთრებით იმ პირებს, ვინც მოწოდებულია აგრესიისკენ, რომ არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს და თავიანთი პროტესტი გამოხატონ კანონით გათვალისწინებულ ჩარჩოებში, ვინაიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები ადგილზე მობილიზებულია იმისთვის, რომ დაიცვან კანონი”, - განაცხადა სირაძემ.
პროევროპული აქცია პარლამენტთან მეოთხე დღეს მიმდინარეობს, თუმცა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი პირველად დღეს, პირველ დეკემბერს გააკეთა.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ბოლო დღეებში აქციის მონაწილეებმა "მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს ინვენტარი", შესაბამისად, პოლიცია მზად არის, აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები.
ასევე ნახეთ დემონსტრანტებმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან გზა გადაკეტეს„გარკვეული პირები ახდენენ სხვადასხვა სახის ძალადობრივ ქმედებებს, პიროტექნიკას ესვრიან პოლიციის დანაყოფებს, რიგ შემთხვევაში ცეცხლს უკიდებენ, შუშებს ამტვრევენ პარლამენტის შენობაში, მთელ ქალაქში გადაწვეს და დაამტვრიეს სხვადასხვა სახის ინვენტარი, ქალაქის ინფრასტრუქტურა. პოლიცია მზად არის იმისთვის, რომ აღკვეთოს ძალადობრივი ქმედებები და აუცილებლად აღვკვეთთ. ვაფრთხილებთ ყველას, არ გაცდნენ კანონის ჩარჩოებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს უმკაცრეს ზომებს", - ამბობს სირაძე.
ჟურნალისტების კითხვაზე, იდენტიფიცირებული იქნებიან თუ არა ის პოლიციელები, რომლებიც მოქალაქეებზე, მათ შორის ჟურნალისტებზე ძალადობენ, სირაძემ უპასუხა: "ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომელიც ჩადენილი იქნება, იქნება ეს პოლიციელი თუ მოქალაქე, მივიღებთ შესაბამის ზომებს".
შსს-მ ბოლო სამ დღეში 150 დემონსტრანტი დააკავა პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია, სისხლის სამართლის წესით დაკავეებულ 27 წლის კაცზე, რომელსაც სათვალთვალო კამერების კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებიან. მას 6 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი