შსს-მ პარლამენტთან სათვალთვალო კამერების სადენებისა და კვების ბლოკის დაწვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

ეს პირველი შემთხვევაა, როცა აქციების კონტექსტში შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 29 ნოემბერს პარლამენტის წინ აქციის მიმდინარეობისას ნივთის დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. მას სამიდან ექვს წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

„ბრალდებულმა, რომელიც ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე, აქციის მიმდინარეობისას, ცეცხლი წაუკიდა პარლამენტის შენობის ბოძზე დამონტაჟებულ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ის ბალანსზე რიცხულ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ელექტრო სადენებს და კვების ბლოკს, რითაც დაზიანდა და მწყობრიდან გამოვიდა აღნიშნული მოწყობილობა", - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული 1997 წელს დაბადებული ა.მ. ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, ნასამართლევია წარსულში ქურდობისთვის, ქურდობის მცდელობისთვის, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

28 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე საპოლიციო ძალებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია სამჯერ დაშალეს ძალის და სპეცსაშუალებების გამოყენებით და 150-ზე მეტი პირი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან. სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ დემონსტრანტებს და მედიის წარმომადგენლებს.

შსს ირწმუნება, რომ ძალა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობის პასუხად გამოიყენა. ამასთან, ძალა გამოყენებული იყო აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგაც.