„წინა კვირას რეორგანიზაცია გამოვაცხადეთ...ლუსტრაციაა" - კალაძე მერიის 200-ზე მეტი თანამშრომლის პროტესტს პასუხობს

კახა კალაძე, თბილისის მერი

თბილისის მერი, კახა კალაძე გამოეხმაურა მერიის თანამშრომლების ნაწილის განცხადებას, რომლებიც ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნებიან და თქვა, რომ წინა კვირას მერიაში რეორგანიზაცია გამოაცხადა, ეს განცხადება კი „კარგი თვითლუსტრაციაა".

„ჩემთვის ესეც გასაგებია. ჩვენ წინა კვირას, მერიაში გამოვაცხადეთ რეორგანიზაცია. ამიტომ, კარგია, თვითლუსტრაციაა. ყველას თავისი გზა აქვს. ეს ადამიანები ირჩევენ ამ გზას. ეს მათი გადასაწყვეტია. ამას ველოდებოდი კიდეც, გულწრფელად გითხრათ, იმიტომ, რომ რეორგანიზაცია გამოცხადებული გვაქვს, ბევრი ცვლილება და გადაადგილება იგეგმება. ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს ღმერთმა“, - ამბობს თბილისის მერი.

იუსტიციის, თავდაცვის, განათლებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლების ნაწილის მსგავსად, თბილისის მერიის 200-ზე მეტი თანამშრომელი გაემიჯნა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებას.

ასევე ნახეთ თბილისის მერიის 100-ზე მეტი თანამშრომელი ევროკავშირში გაწევრების პროცესის შეჩერებას ემიჯნება

მათი რიცხვი მზარდია.განცხადებაზე ხელმომწერები თბილისის მერიის სხვადასხვა დეპარტამენტში მუშაობენ.