რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს 2025-2027 წლების ფედერალური ბიუჯეტის შესახებ. 21 ნოემბერს იგი სახელმწიფო დუმამ დაამტკიცა. ბიუჯეტში შედის რეკორდული ხარჯები სამხედრო საჭიროებებზე. 2025 წელს ისინი შეადგენს 13,5 ტრილიონ რუბლს - ქვეყნის მთელი ხარჯების დაახლოებით 41%-ს. ეს მეტია, ვიდრე ჯანდაცვის, განათლების, სოციალური პოლიტიკისა და ეროვნული ეკონომიკის დაპირებული დაფინანსება ერთად.
ამ ხარჯების დასაფარად 2025 წლიდან გაიზრდება საშემოსავლო გადასახადი, მცირე და საშუალო ბიზნესის გადასახადები, გადასახადები გაზის, ნავთობისა და ქვანახშირის მოპოვებაზე, ასევე გაიზრდება აქციზის გადასახადი ალკოჰოლზე, სიგარეტზე და ტკბილ სასმელებზე. რუსეთის ექსპორტიორთა და იმპორტიორთა ასოციაციის მონაცემებით, გაისად ფასები ყველა პროდუქტზე გაიზრდება დაახლოებით 20%-ით, ხოლო საბინაო და კომუნალურ მომსახურებაზე - 10%-ით.
ქვეყნის შემოსავალი, როგორც კანონით არის განსაზღვრული, 2025 წელს 40,3 ტრილიონი რუბლი უნდა იყოს, ხოლო ხარჯები - 41,47 ტრილიონი. დეფიციტი 1,17 ტრილიონი რუბლია.
როგორც The Bell აღნიშნავს, 13,5 ტრილიონი თავდაცვისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სარეკორდოა პოსტსაბჭოთა რუსეთის მთელს ისტორიაში. 2024 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები იყო 10,4 ტრილიონი, რაც ასევე იმ დროისთვის ისტორიული მაქსიმუმი იყო, მაგრამ შემდეგ მთავრობა ანგარიშობდა, რომ ეს იყო ერთჯერადი ანომალია: იგეგმებოდა მკვეთრი შემცირება. სამხედრო ხარჯები 2025 წლიდან უკვე 8,5 ტრილიონამდე უნდა შემცირებულიყო. თუმცა ეს არ მოხდა. მართალია, ბიუჯეტის პროექტი კვლავ გულისხმობს, რომ სამხედრო ხარჯები ორ წელიწადში დაიწყებს კლებას, მაგრამ მხოლოდ ოდნავ - 12,8 ტრილიონ რუბლამდე 2026 წელს.
ასევე ნახეთ დოლარის კურსმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 114 რუბლსრუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა სახელმწიფო სათათბიროში ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას განაცხადა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი სოციალური პოლიტიკის ხარჯები იქნება. თუმცა, 2025 წელს მხოლოდ 1,55 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა ჯანდაცვის განვითარების პროგრამაზე, 600,2 მილიარდი - განათლების განვითარების პროგრამაზე და 3,487 ტრილიონი - მოქალაქეთა სოციალური მხარდაჭერის პროგრამისთვის. ბავშვებიანი ოჯახების მხარდასაჭერად 10 ტრილიონი რუბლი გამოიყოფა მთელი 2025-2027 წლების პერიოდის განმავლობაში.
დამატებითი გრანტები და სუბსიდიები გამოიყოფა „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ მონაწილეების (რუსეთის ხელისუფლება უკრაინის ომს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს) მონაწილეთა და მათი ოჯახების დასახმარებლად. მათი უმსხვილესი განმკარგავი იქნება ფონდი „სამშობლოს დამცველები“, რომელსაც ხელმძღვანელობს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვლადიმირ პუტინის ნათესავი ანა ცივილიოვა.
ასევე ნახეთ "ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი