პროევროპულ აქციებზე სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად - DRI

29-30 ნოემბრის ღამეს, აქციაზე დაშავებული 40 ადამიანი გადაიყვანეს კლინიკებში

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, 28-29 ნოემბერს სამართალდამცველები, ჯამში, 33 ჟურნალისტს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

„დაკვირვება ცხადყოფს, რომ საპოლიციო ძალები მიზანმიმართულად ესხმიან თავს მედიის წარმომადგენლებს, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს და ფიზიკურად უსწორდებიან“, - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნორმად აქცია მრავალათასიანი მშვიდობიანი მომიტინგეების მისამართით არაპროპორციული ძალის გამოყენება, თავდასხმისა და განსაკუთრებული სისასტიკით დაკავების ფაქტები.

„მიუხედავად აქციის მონაწილეთა მხრიდან პიროტექნიკის გამოყენებისა, დემონსტრაციას არც ერთ ეტაპზე არ მიუღია ძალადობრივი ხასიათი, რაც მისი დაშლის წინაპირობა შეიძლება გამხდარიყო.

აქციის დარბევის დროს საპოლიციო ძალების მხრიდან გამოყენებული ღონისძიებები ცალსახად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

დღეს გაწერეს კლინიკებიდან ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და „TV პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა.

ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი

29-30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს 40 ადამიანი.

აქედან, აქციის 36 მონაწილე, მედიასაშუალების - 2 და შინაგან საქმეთა სამინისტროს - 2 წარმომადგენელია.

უკვე ორი ღამეა, რაც რუსთაველის გამზირზე, შსს-ს თანამშრომლები სპეციალური საშუალებებით არბევენ მომიტინგეებს, დასდევენ მათ ქუჩებში და ფიზიკურად უსწორდებიან. გავრცელებულ ვიდეომასალებში ჩანან დასისხლიანებული ადამიანები. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები მათ გამიზნულად ურტყამენ სახესა და თავის არეში.

ოფიციალური ინფორმაციით, გუშინ ღამით, გამთენიამდე დააკავეს 107 მომიტინგე.

29/30 ნოემბრის ღამეს, რუსთაველის თეატრის მიმდებარედ, პოლიციელებმა დემონსტრანტებს სხვადასხვა მხრიდან შემოარტყეს წრე, კედელთან მოიმწყვდიეს - და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მათი ნაწილი დააკავეს.

არჩევნების სადავო შედეგებთან დაკავშირებულმა საპროტესტო აქციებმა განსაკუთრებით მასშტაბური სახე მიიღო მას შემდეგ, რაც „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი, რაც აუცილებელი ეტაპია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებისთვის.