ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ , CERN-მა, შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა

CERN-ის დიდი ჰადრონული ამაჩქარებელი ჟენევის მახლობლად. 23 ივლისი, 2014.

ბირთვული კვლევის ევროპულმა ორგანიზაციამ, CERN-მა, 30 ნოემბრიდან შეწყვიტა რუსეთის მეცნიერებთან თანამშრომლობა. საქმე ეხება დაახლოებით 350 მეცნიერს რუსეთიდან.

CERN-ი ცნობილია პირველ რიგში თავისი დიდი ჰადრონული ამაჩქარებლით - მსოფლიოში უდიდესი სამეცნიერო დანადგარით.

მის მშენებლობასა და კვლევებში ჩართულია 100 ქვეყნის 10 ათასამდე მეცნიერი, მათ შორის - რუსეთიდან.

რუსეთთან რომ ხელშეკრულებას აღარ გააგრძელებს, ამის შესახებ CERN-მა 2023 წლის დეკემბერში განაცხადა. ბელარუსთან ხელშეკრულებას წელს ივნისში გაუვიდა ვადა.

2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრიდან ცოტა ხნის შემდეგ, CERN-მა რუსეთს დამკვირვებლის სტატუსი შეუჩერა. ორგანიზაციის წევრმა 23-მა სახელმწიფომ „მტკიცედ დაგმო“ რუსეთის აგრესია.