აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი არ ემსახურება ხალხის ინტერესებს და სათანადოდ არ აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, მათ შორის, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ მოვლენებს.
თინათინ ბერძენიშვილი და ვასილ მაღლაფერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის კიბეებზე გამოვიდნენ.
გადადგომის მოთხოვნა მათ ხმის გამაძლიერებლით გააცნო ჟურნალისტმა სოფიო ხუნწარიამ, რომელმაც თქვა, რომ წლების წინ ის ვასილ მაღლაფერიძის მოსწავლე იყო:
„თქვენ რას ემსახურებით, ვასიკო მასწ... სად წახვედით, ვასიკო მასწ... პირდაპირ შემიძლია ვთქვა, თინა, მაპატიე, შენი ბრალია, ეკა შონიას ბრალია, რომელსაც აბარია საინფორმაციო პოლიტიკა, რომელიც არის ჩემი ჯგუფელი, მისი ბრალია. სად არის გიორგი გვიმრაძე? „ქართული ოცნების“ შეხვედრებზე და ზეიმებზე რომ დადიხართ, ვასიკო მასწ, მაგის ბრალია. მოვითხოვთ თქვენს გადადგომას, ორივესი, საზოგადოებრივი არხი უნდა დაუბრუნდეს ხალხს, ეს არის ჩვენი ფულით, გადასახადებით შექმნილი არხი.
სად არის დათო ევგენიძე? რომელიც გვეგონა, რომ ყოველთვის იყო სიმართლის მხარეს, რომელიც დღეს დადის „ქართული ოცნებების“ შეკრებებზე და ულოცავს მათ გამარჯვებას. ეკა შონიას მინდა ვუთხრა, მთელი შენი ჯგუფი აქციაზე დგას და შენ რას ემსახურები დღეს? ეს მინდოდა თქვენთვის მეთქვა, რომ გადადექით დღესვე“.
გენერალური დირექტორისა და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის გადადგომის პარალელურად, აქციის მონაწილეები ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერის დათმობას - „ეთერი! ეთერი!“ - სკანდირებენ ისინი.
აქციის მონაწილეებთან ერთად დგას საზოგადოებრივი მაუწყებლის რამდენიმე თანამშრომელიც, მათ შორის - ნინო ზაუტაშვილი, გადაცემა "რეალური სივრცის" წამყვანი. დემონსტრანტები სწორედ მის გადაცემაში მონაწილეობას ითხოვენ პირდაპირ ეთერში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი და სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ამბობენ, რომ მათ პირდაპირი ეთერი დღეს, 30 ნოემბერს, 20:00 საათზე დაეთმობათ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ადმინისტრაციას აქციის მონაწილეები ნახევარსაათიან დროს აძლევენ პირდაპირი ეთერის მოსამზადებლად და ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მათი მოთხოვნა არ შესრულდება, პარლამენტთან დაგეგმილი აქცია, საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან გადაინაცვლებს.
აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან სპონტანურად დაიგეგმა. აქტივისტები, ჟურნალისტები, პროფესორ-მასწავლებლები საზოგადოებრივ მაუწყებელთან 17 საათისთვის მივიდნენ.