შსს ამბობს, რომ „წყლის ჭავლში, შესაძლოა, რაღაც იყო გარეული“

ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე

შს მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე არ უარყოფს, რომ წყლის ჭავლში, რომლითაც პოლიცია ბოლო ორი დღის განმავლობაში აქციაზე დემონსტრანტებს შლიდა, წყლის გარდა, იყო კიდევ გარეული სხვა ნივთიერებაც.

რადიო თავისუფლების კითხვაზე, კონკრეტულად რა სპეციალური საშუალებები გამოიყენა პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ და რა იყო გარეული წყლის ჭავლში, ალექსანდრე დარახველიძის პასუხი იყო, რომ:

„საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია, წყლის ჭავლში იყოს გარეული შესაბამისი ნივთიერებები, გაზი იქნება თუ სხვა რამ“.

მისი სიტყვებით, პოლიციას აქვს კანონით მინიჭებული უფლება - გამოიყენოს იძულებითი ღონისძიებები და მათ შორის როგორც პასიური, ისე აქტიური სპეციალური საშუალებები - წყლის ჭავლი, გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა:

„ამას ვიყენებთ კანონის შესაბამისად. მთავარი ტესტი არის პროპორციულობა და მას ვიყენებთ საფრთხიდან გამომდინარე და რაც აუცილებელია მოსალოდნელი ზიანის აღსაკვეთად. ამ შემთხვევაში გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, თუმცა ყველა საშუალებაზე კონკრეტულად ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან ეს პროცესი გრძელდებოდა ხანგრძლივად და 12 საათის მანძილზე ვიყავით მობილიზებული და ვიყენებდით კანონით დადგენილ საშუალებებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მისივე განცხადებით, პოლიცია ძალას იყენებს იმ შემთხვევაში, როცა „მშვიდობიანი აქცია ხდება ძალადობრივი“.

„პროტესტის გამომხატველთა ქმედებები არაერთხელ გასცდა
შეკრება-მანიფესტაციის კანონით განსაზღვრულ ჩარჩოებს და გადაიზარდა
ძალადობრივ ქმედებებში. შესაბამისად, პოლიციის მხრიდან, კანონის
შესაბამისად განხორციელდა პარლამენტის შენობის მიმდებარე ქუჩების
გათავისუფლება მოძალადე ჯგუფებისგან“
, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად (29.11.2024), წყლის ჭავლში სპეციალური საშუალებების შერევა აკრძალული უნდა იყოს და ამას ამბობს, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია "ამნესტი ინტერნეიშეინალი", რომლის ინტერპრეტაციაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი თვის წინ არასწორად გააკეთა:

"2024 წლის 21 ოქტომბერს შსს-მ განცხადებით დაადასტურა, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებზე წყლის ჭავლში ცრემლსადენ გაზს ურევდა. აღნიშნული პრაქტიკის მხარდასაჭერად სამინისტრომ არასწორად, მანიპულაციურად, დააციტირა „ამნესტი ინთერნეიშენალის“ სახელმძღვანელო.

სინამდვილეში, „ამნესთი ინთერნეიშენალის“ მიხედვით, წყლის ჭავლში ცრემლსადენი გაზის ან საღებავის შერევა აკრძალული უნდა იყოს. აღნიშნული პრაქტიკა, ძლიერ პრობლემურია რამდენიმე მიზეზის გამო. კერძოდ:

უცნობია თუ რა არის წყალში ქიმიური გამაღიზიანებლის დასაშვები კონცენტრაციის დონე, რაც ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან რისკს წარმოშობს.

როდესაც ტანსაცმელი ქიმიური გამაღიზიანებლით იჟღინთება, ადამიანს აღარ შეუძლია მისი ზემოქმედებისაგან გაქცევა.

ამასთან, როდესაც ადამიანის ტანსაცმელი იჟღინთება, შეუძლებელია გაკონტროლდეს ქიმიური გამაღიზიანებლის ადამიანზე ზემოქმედების ხარისხი და ხანგრძლივობა. იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის რისკები იზრდება ქიმიური საშუალებების კონცენტრაციის და ზემოქმედების ხანგრძლივობის ზრდასთან ერთად, წყლისა და ქიმიური საშუალებების შერევა არღვევს სამართალდამცავთა ვალდებულებას, მოახდინონ ზიანის მინიმუმამდე შემცირება.

წყლის ჭავლში ქიმიკატების შერევა არარეკომენდირებული პრაქტიკაა გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისის სახელმძღვანელოს მიხედვითაც, რადგან აღნიშნული შეიცავს დაზიანების, მათ შორის, ხანგრძლივი ფიზიკური ტკივილის გამოწვევის ბევრად მაღალ რისკს", - აცხადებს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია".

შს მინისტრის მოადგილის მონაცემებით, გასულ ღამეს პოლიციის მიერ დაკავებულია 107 ადამიანი. მისივე სიტყვებით, აქციებზე დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომელი.

„კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ და მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, პროტესტი გამოხატონ კანონით დასაშვებ ფარგლებში, წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, გაატარებს კანონით მინიჭებულ ყველა ღონისძიებას“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

კითხვაზე, დაიწყება თუ არა სამართლებრივი რეაგირება იმ პოლიციელების მიმართ, ვინც ძალას გადაამეტა, ალექსანდრე დარახველიძემ თქვა, რომ ეს არის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმე.

„ეს ფაქტები, რაც ვნახეთ, იყო საკმაოდ მძიმე. ჩვენი მხრიდანაც ეს იქნება შეფასებული. ცხადია, ეს არ არის კარგი პრაქტიკა და თუ ის შეიცავს დანაშაულის ნიშნებს და ალბათ, შეიცავს, უნდა იყოს გამოძიებული“.

28-29-30 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ადვოკატების განცხადებით, მათი უმრავლესობა ნაცემია.

ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.

ასევე ნახეთ ყველა ნაცემია, მანქანებში სხედან, რიგებია - ადვოკატები ჰყვებიან, რა ხდება იზოლატორებში
ასევე ნახეთ “ეს არის რაღაც სიმხეცე”, “შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ” - ომბუდსმენი პოლიციელების ძალადობაზე