დილიდან რიგებია წინასწარი დაკავების იზოლატორებში. რიგში დგანან ადვოკატებიც და დაკავებულებიც. გადატვირთულობის პრობლემის მოსაგვარებლად შსს სასამართლოს სხდომების ჩანიშვნის შუამდგომლობით მიმართავს. პროცესებზე წაყვანილი დემონსტრანტების ადგილს სხვა დაკავებულები იკავებენ. რა ხდება იზოლატორებში? - რადიო თავისუფლებას ადვოკატები უყვებიან.
„სტანდარტულად ნაცემია ყველა“, - ამბობს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ვიქტორ კვიტატიანი, მან ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში 4 პირი 30 ნოემბერს, დილის საათებში მოინახულა. დაკავებულებს შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება. საპირისპიროს უყვებიან ადვოკატს დაკავებულები.
28-29-30 ნოემბერს გამართულ პროევროპულ აქციებზე პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
„დემონსტრანტები, რომლებიც მე მოვინახულე, დისტანცირებულები იყვნენ პროცესისგან, რობოკოპებისგან და სპეცრაზმისგან. უბრალოდ აქციაზე იდგნენ და იქით განხორციელდა მათ მიმართ ძალადობა. იდენტურ სცენარებს მიყვებიან - დაეწია სპეცრაზმი, გაიგდეს და 5 სპეცრაზმელი ურტყამდა ერთ მომიტინგეს, ეს იყო ძალადობის აქტი მათ წინააღმდეგ. აღენიშნებათ დაზიანებები სახისა და ტანის არეში, მათ ფიზიკურად უსწორდებოდნენ დაკავებისას და იზოლატორამდე გზაში“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ვიქტორ კვიტატიანი.
Your browser doesn’t support HTML5
ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში ადგილები აღარ აქვთ, ამიტომ პროევროპული აქციების პირველ დღეს, 28 ნოემბერს დაკავებულები სასამართლოში გადაჰყავთ. ნაწილი რეგიონებშიც წაიყვანეს, მათ შორის კახეთში, რუსთავსა და მცხეთაში.
„შეწუხდა იზოლატორი, ამ რაოდენობის დაკავებულებს თავს ვერ ართმევენ. ვისაც ვერ ასახლებენ, ყავთ მანქანებში“, - ამბობს ადვოკატი.
ასევე ნახეთ სასამართლოში დაიწყო 28-29 ნოემბერს დაკავებულთა საქმეების განხილვადაკავებულებით სავსე პოლიციის მანქანები და მიკროავტობუსი შენიშნა იზოლატორის ეზოში ადვოკატმა ლაშა ცუცქირიძემ. მან 8 დაკავებული მოინახულა, „აქედან 7 ნაცემია“, - ამბობს ადვოკატი და აგრძელებს:
„წიწაკის სპრეით აქვთ გაჟღენთილი ტანისამოსი, ვერ გავძელი შეხვედრების ოთახში, ხველა ამიტყდა. ზოგი მძიმედაა ნაცემი, ზოგი ნაკლებად, მინიმუმ საშუალო დონეზე ყველა ნაცემია, დაზიანებები აქვთ სახისა და თავის არეში, ძირითადად, ასე ურტყამდნენ.
ერთმა პირმა მითხრა, რომ დაბადების დღეზე მივდიოდი და პარლამენტის უკნიდან უნდა ჩავსულიყავი რესტორანში და მაშინ დამაკავესო. ერთი ექიმია, ჰიმნს მღეროდა და მაშინ დააკავეს, ოპერაციები აქვს და გათავისუფლებას ითხოვს“.
დაკავებულებს შორის ერთი ოჯახის წევრებიც არიან. იურისტებს ორი არასრულწლოვანის შესახებაც აქვთ ცნობები, თუმცა დაუზუსტებელი. მათი თქმით, სახელმწიფო არ აძლევს დაკავებულებზე, მათ ვინაობასა და ადგილსამყოფელზე ადვოკატებს ინფორმაციას, რაც დაკავებულების ძებნის, იდენტიფიცირებისა და დახმარების პროცესს აფერხებს.
„ხუთი მანქანა გარეთ დგას, მარშუტკა ჯერ კიდევ არ დაუცლიათ, ზოგიერთებმა დაინახეს, რომ შეიყვანეს დაკავებული და იზოლატორში ასახულები მაინც არ არიან. ზაჰესის იზოლატორს ორი განყოფილება აქვს, ადმინისტრაციულ განყოფილებაში ორი შეხვედრის ოთახია და, ფაქტობრივად, ადგილი არ არის, ველოდებით, რომ სხვები გამოვიდნენ, შეყვანილებზე ეს საცობია და არშეყვანილების მანქანები კი გარეთ დგას“, - უყვება რადიო თავისუფლებას ლაშა ცუცქირიძე.
მცხეთაში მოინახულა 29 ნოემბრის აქციაზე დაკავებული 7 პირი იურისტმა თეო ზაქარაშვილმა, რის შემდეგაც მათგან ორი სამედიცინო დაწესებულებაში დაუყოვნებლივ გადააყვანინა, ერთის გადაყვანას კი ახლა ელის.
„შერყევა დაუდგინდა ერთს, ერთს ცხვირი აქვს მოტეხილი, მესამესაც თავის დაზიანება აქვს, მეხსიერებაში ჩავარდნები. კორდონებში სცემდნენ, თან ჯგუფურად. აქვთ განცდა, რომ პოლიცია მიზანმიმართულად ცდილობდა მათთვის რაიმეს დაშავებას.
უფრო მეტად მუჭით და წიხლით სცემეს. ერთს სამი კაცი აკავებდა და ერთი თავში ურტყამდა წიხლს.
Your browser doesn’t support HTML5
ზოგი აქციაზე მისვლის მომენტში დააკავეს, ზოგი უბრალოდ ისე დააკავეს, რომ გზაზე არ იყო, ტროტუარზე იდგა, ზოგი სხვას ეხმარებოდა, ერთი ამბობს, რომ გადავეფარე, ძალიან სცემდნენო, მეც მცემეს და ორივე დაგვაკავესო. ერთი მანქანიდან გადმოათრიეს და ისე დაიჭირეს“, - გვიყვება ადვოკატი თეო ზაქარაშვილი დაკავებულების მონათხრობს.
დაკავების დროს პოლიციას არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი. ეცვათ შავები. დემონსტრანტებს შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ხელის მტევნები ხელბორკილით დაუზიანეს და შეშუპებული აქვთ.
გურჯაანში გადაიყვანეს აქციაზე დაკავებულები: ლექსო მაჭავარიანი, გიორგი ბახუტაშვილი, ზაალ კუხიანიძე. მათი მეგობარი სალომე ბარკერი სოციალურ ქსელში წერს: „ჯერ გაფორმებულები არ არიან იზოლატორში და ყრიან მშივრები. გიორგის თავი აქვს დაზიანებული და ექიმს არ უნახავს. ადვოკატმა გვითხრა“.
ადვოკატი ლია ხუროშვილი ჯერჯერობით რადიო თავისუფლების ზარებს არ პასუხობს.
ყველაზე გადატვირთული, იურისტების შეფასებით, დიღმის მთავარი სამმართველო და ზაჰესია. ამ უკანასკნელში წაიყვანეს გიორგი მაისაშვილი, 23 წლის ზვიად მაისაშვილის ძმა, რომელსაც პოლიციელთა ჯგუფმა რუსთაველის გამზირზე სცემა, დაგდებულს სახეში წიხლი სამჯერ ჩაარტყეს. ამ სცენის ამსახველ ვიდეოში ჩანს, როგორ აკავებენ რამდენიმე მეტრში მის ძმასაც - გიორგი მაისაშვილს. მათმა მშობლებმა მთელი ღამის განმავლობაში არ იცოდნენ შვილების ადგილსამყოფელი. ზვიად მაისაშვილს ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ის ინგოროყვას კლინიკაში მკურნალობს.
ასევე ნახეთ ტვინის შერყევა აქვს, ცხვირიც გაუტეხეს - რა (არ)იციან ძმები მაისაშვილების მშობლებმა შვილებზედაკავებულები მოინახულა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა. „ეს არის რაღაც სიმხეცე“, „შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ“, - თქვა მან დიღმის სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.
ომბუდსმენმა, ჯამში, 13 დაკავებული მოინახულა, საიდანაც 11 ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე იყო.
„ფიზიკური ანგარიშსწორება მსუბუქი ნათქვამია, ადამიანები ჰყვებიან როგორ უმოწყალოდ სცემდნენ მათ სპეცრაზმელები, როდესაც დაკავების მომენტში გადაჰყავდათ მანქანაში. ამ შუალედში მათზე ხდებოდა იმგვარი ანგარიშსწორება, ისეთი ფიზიკური ანგარიშსწორება, რომ ადამიანი ვნახე, რომელსაც მთელი სახე აქვს ფაქტობრივად სისხლნაჟღენთებით. ეს არის რაღაც სიმხეცე, ასეთი ფორმით ადამიანებთან მოპყრობას გამართლება არ აქვს“, - უთხრა ომბუდსმენმა ჟურნალისტებს.
ლევან იოსელიანი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, ეფექტიანად გამოიძიოს საქმეები, და პოლიციელებს - არ გადაამეტონ თავიანთ უფლებამოსილებას, „მიუხედავად იმისა, რა გააკეთა მოქალაქემ“, რადგან „ამისთვის არსებობს კანონი. კანონი უნდა დაიცვას, პირველ რიგში, სამართალდამცავმა“.
ასევე ნახეთ “ეს არის რაღაც სიმხეცე”, “შეიძლება ვიღაც შემოაკვდეთ” - ომბუდსმენი პოლიციელების ძალადობაზესპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 30 ნოემბერს გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დაიწყო გამოძიება სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეების და მედიასაშუალების წარმომადგენლების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პოლიციელების მხრიდან იყო „ცალკეული ინციდენტები“, ხოლო მომიტინგეების მხრიდან - „ბრუტალური, სისტემური ძალადობა“.
მოკლედ პროევროპულ აქციებზე
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პოლიციამ აქციის დასაშლელად 28 ნოემბერსაც გამოიყენა სპეციალური საშუალებები, დემონსტრანტები კი ძალადობრივად დააკავა.
იგივე მოხდა 29-30 ნოემბრის ღამესაც. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რაც გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჯამში დაკავებულია 150(107+43) პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ 29-30 ნოემბერს დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.