30 ნოემბერს გაწერეს კლინიკებიდან ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი და ტვ „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი.
ალექსანდრე ქეშელაშვილს წოლითი რეჟიმი აქვს. ის პოლიციამ დააკავა და ფიზიკურად გაუსწორდა 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, რა დროსაც რეპორტიორი სპეციალური საშუალებებით დემონსტრანტების დაშლის ამსახველ ვიდეომასალას იღებდა. დაკავების შემდეგ ალექსანდრე ქეშელაშვილი ხელწერილით გაათავისუფლეს.
მარიამ გაფრინდაშვილი ინგოროყვას კლინიკაში, გუშინ 29 ნოემბერს შეიყვანეს. მან სამედიცინო დაწესებულება დღეს, 30 ნოემბერს დატოვა. ჟურნალისტს მსუბუქი ტვინის შერყევა აქვს. მარიამ გაფრინდაშვილმა თავის არეში დაზიანებები აქციის გაშუქებისას მიიღო.
24 საათის განმავლობაში ინგოროყვაში აქციაზე დაკავებული 5 პირი მიიყვანეს, ბოლო ორ დღეში, ჯამში, 11 პაციენტი. მათგან მკურნალობას სამი აგრძელებს, აქედან ორი ჟურნალისტია, ერთი გერმანელი, მეორე „ფორმულის“ რეპორტიორი, გურამ როგავა, მესამე კი - 23 წლის ზვიად მაისაშვილი, რომელსაც რამდენიმე პოლიციელმა სცემა. ექიმის თქმით, მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირი კი გატეხილი.
ასევე ნახეთ ტვინის შერყევა აქვს, ცხვირიც გაუტეხეს - რა (არ)იციან ძმები მაისაშვილების მშობლებმა შვილებზე„ნახეთქი ჭრილობა შეიძლება მიყენებული იყოს ბლაგვი საგნით ან დაცემის შედეგად, ამას ექსპერტიზა დაადგენს“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ინგოროყვას კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა ნინო ხარაიშვილმა.
პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გურამ როგავას კლინიკიდან ორშაბათს გაწერენ.
„ექიმები ამბობენ, რომ ბეწვზე ვარ გადარჩენილი, რომ არ დავკარგე მგრძნობელობა ოთხივე კიდურში. იყო ამის რისკები იმ დაზიანებების მიხედვით, რაც მაქვს. ომი, კონფლიქტი, საპროტესტო აქციები გამიშუქებია სხვადასხვა ქვეყნებში, ასეთი დამოკიდებულება არსად მახსოვს. უკნიდან მოპარვით, ადამიანის გაწირვა“, - ამბობს გურამ როგავა.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
ასევე ნახეთ დემონსტრაციის მეორე დღის გაშუქებისას კვლავ ძალადობენ ჟურნალისტებზეუფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. 28-29-30 ნოემბერს პოლიციამ, ჯამში, 150 ადამიანი დააკავა.