„ქუჩაში რომ აგდია, დიდი თმებითა და ულვაშით შვილი და დაგდებულს რომ შავებში ჩაცმული პოლიციელი სახეში წიხლს ურტყამს, იმ ბიჭის დედა ვარ, ახლა ვნახე კადრები, არ მაჩვენებდნენ, მიფრთხილდებოდნენ“, - ამბობს ელენე ჯანჯალია.
ზვიად მაისაშვილს პოლიცია ფიზიკურად 30 ნოემბერს გამთენიას რუსთაველის გამზირზე გაუსწორდა. მომხდარს პირდაპირ ეთერში იღებდა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, თეონა ჭალიძე. ვიდეოს პირველივე კადრში ჩანს, რომ ზვიად მაისაშვილი ტროტუარზე ძირს აგდია.
„რობოკოპები ჩამოვიდნენ რუსთაველზე ზედა ქუჩიდან. მე სანამ ლაივი ჩავრთე ხელები ამიკანკალდა, იქამდე ვხედავდი, რომ ურტყამდნენ, ჯგუფური თავდასხმა იყო მასზე", - ეუბნება თეონა ჩალიძე რადიო თავისუფლებას.
ვიდეოში ჩანს, რომ ზვიად მაისაშვილს პოლიციელი წიხლს ურტყამს, მის გარშემო კი ათობით შავებში ჩაცმული და აირწინაღიანი პოლიციელია შეგროვილი. ფიზიკურად ძალადობენ კიდევ ერთ აქციის მონაწილეზე.
„ნუ ურტყავთ“, - ყვირიან მომხდარის შემსწრე მოქალაქეები ვიდეოში. წაქცეული ახალგაზრდა წამოდგომას ცდილობს, რა დროსაც პოლიციელები ბრუნდებიან და დამატებით, კიდევ, ჯამში, სამჯერ ურტყამენ წიხლს სახეში.
გიორგი მაისაშვილი გზაზე ზურგით ეცემა, ორი პოლიციელი მოდის, უყურებს წაქცეულს და სიარულს აგრძელებს. აქციის მონაწილეებს ნაცემი მაისაშვილი ხელით გაჰყავთ.
„ახლობლის მანქანით წაიყვანეს კლინიკაში, უგონოდ იყო, როგორც მეუბნებიან. ტვინის შერყევა აქვს და ცხვირი აქვს გატეხილი. ვესაუბრე, არაფერი ახსოვს“, - ამბობს ელენე ჯანჯალია და ამატებს:
„ზვიადიზე ანგარიშსწორების ადგილიდან ხუთ მეტრში დააკავეს ჩემი მეორე შვილი გიორგი“.
ამავე ვიდეოში ჩანს ზვიადის ძმის, გიორგი მაისაშვილის დაკავება, რომელსაც ასევე ფიზიკურად უსწორდება პოლიცია. მასაც დიდი, ხუჭუჭა თმა აქვს, ლურჯი ქურთუკი აქვია და ჩანთას ატარებს.
ძმები მაისაშვილები სტუდენტები არიან. დედა, ელენე ჯანჯალია ვარაუდობს, რომ ზვიადი აქციაზე სამსახურის დასრულების შემდეგ ღამის 11 საათიდან მივიდა. მეორე შვილმა, გიორგიმ მშობლებს უთხრა, რომ რუსთაველზე ძმის წამოსაყვანად მიდიოდა.
24 წლის გიორგი მაისაშვილის ზუსტი ადგილსამყოფელი მშობლებისთვის უცნობია. დიღმის იზოლატორთან დგანან და სიახლეს ელოდებიან.
„მითხრეს აქ არისო და არ ვიცი, გარეთ ვდგავართ, იქნებ დავინახოთ ეზოში მაინც, ახლა გამოყავთ დაკავებულების ნაწილი და მანქანებით გადაყავთ, სად - არ ვიცი“.
ნაცემი ზვიად მაისაშვილი ინგოროყვას კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას. ელენე ჯანჯალიას თქმით, მას მომხდარი არ ახსოვს. მისი და აქციაზე სხვა დაშავებულების მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტებს კითხვებს ინგოროყვას კლინიკაში ნეიროქირურგი, ნინო ხარაიშვილი დღის განმავლობაში უპასუხებს.
29-30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო, რაც გამთენიამდე გააგრძელა. 06:15 საათისთვის პოლიციელებმა რესპუბლიკის მოედნამდე სდიეს დემონსტრანტებს.
შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 107 პირი, რომლებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
შსს ამბობს, რომ დაშავდა 10 პოლიციელი, დაშავებული დემონსტრანტების ზუსტი რიცხვი უცნობია.
აქციის დასაშლელად გამოიყენეს წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. აქციის მონაწილეები პოლიციელების მხრიდან განსაკუთრებულ სისასტიკეზე ჰყვებიან. ვრცელდება მონათხრობის ამსახველი კადრებიც.
29-30 ნოემბერს, გვიან ღამით, რუსთაველის გამზირზე პროევროპულ საპროტესტო დემონსტრაციაზე პროფესიული საქმიანობის შესრულებისას, წინა ღამის მსგავსად, ჟურნალისტებიც დაშავდნენ. პოლიციის თანამშრომლები ჟურნალისტებზე ფიზიკურად ძალადობენ და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაში ხელს მიზანმიმართულად უშლიან.
უფლებადამცველების შეფასებით, დაკავებისას პოლიცია იყენებს არაპროპორციულ და ხშირად გაუმართლებელ ძალას. საპოლიციო ძალები ხელს უშლიან მედიის მუშაობას და განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან ჟურნალისტების წინააღმდეგ.
სახალხო დამცველის განცხადებით, „შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები“.
ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ 28 ნოემბრიდან აპროტესტებს მთავრობის გადაწყვეტილებას, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკების გახსნის საკითხი. პროტესტის პირველ დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება, სადაც ეწერა, რომ 43 ადამიანი დააკავეს.