TV პირველის კადრებში ჩანს, რომ პოლიციას კორდონში შეჰყავს ერთ-ერთი ადამიანი, რომელსაც სახე დასისხლიანებული აქვს და პოლიციელი მუცლის არეში ძლიერად ურტყამს.
სავარაუდოდ, ეს არ არის ერთადერთი აქციის მონაწილე, რომელიც დააკავეს. მანამდე ცოტა ხნით ადრე TV პირველის რეპორტიორი, რომელიც საპოლიციო კორდონთან იდგა, იუწყებოდა, რომ საპოლიციო ძალებმა მის თვალწინ 3 ადამიანი დააკავა.
რამდენიმე საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. პოლიციამ ცოტა ხნის წინ დაიწყო აქციის დარბევა დაიწყო წყლის ჭავლის, წიწაკის სპრეისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენებით.
რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას დაკავებულების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან.
მეორე დღეა საქართველოს პარლამენტთან ევროინტეგრაციის მხარდამჭერი ხალხმრავალი აქცია იმართება. ათასობით დემონსტრანტი რუსთაველის გამზირზე პარლამენტის წინ მეორე დღეა აპროტესტებს პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის გაცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს 2028 წლამდე აჩერებენ.
29 ნოემბერს, ღამის ორი საათიდან, საქართველოს პარლამენტთან პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა და მონაწილეთა დაკავება დაიწყო. შსს-ს თანახმად, „აქცია გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს“ და მონაწილეები სამართალდამცავებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
28-29 ნოემბრის ღამეს პოლიციამ 43 ადამიანი დააკავა, დაშავდა არაერთი. სამართალდამცავებმა იძალადეს და საქმიანობაში ხელი შეუშალეს 20-ზე მეტ ჟურნალისტს. მათ შორის იყო „ფორმულის“ ჟურნალისტი გურამ როგავა, „პუბლიკის“ ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტები და ა.შ.