თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ვითარება დროდადრო იძაბება.
01:00 საათისათვის ვითარება დაძაბულია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის დაპირისპირებაა.
პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა სპეციალური საშუალებები - სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი.
სპრეი, დემონსტრანტებთან ერთად, სახეში შეასხეს პოლიტიკოს ლევან გოგიჩაიშვილს, „გახარია საქართველოსთვის“ წევრს; ასევე, ერთ-ერთი ტელევიზიის, „ტვ პირველის“ ოპერატორს.
მოქალაქეები მათ დახმარებას ცდილობენ - ფიზიოლოგიური ხსნარით თვალების ამოწმენდას.
ასევე, პოლიციელებმა დემონსტრანტებს წაართვეს ლითონის კონსტრუქციის ნაწილი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე ჯებირად იყო გამოყენებული.
შორიახლოს მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანებიც.
შსს-მ 01:15 საათზე გაავრცელა განცხადება, სადაც წერს, რომ აქციის წევრები ფიზიკურად უპირისპირდებიან და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ სამართალდამცველებს.
„მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა სახის საგნებს, რის შედეგადაც დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს სამმა თანამშრომელმა. აქედან ორი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი“, - აცხადებს შსს.
სპონტანური საპროტესტო აქცია, რომელიც მოჰყვა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის განცხადებას ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის „2028 წლამდე“ შეჩერებაზე, გრძელდება.