ბულგარეთის ორმა მოქალაქემ ლონდონში სასამართლო პროცესის დროს აღიარა რუსეთის ჯაშუშობა. ერთ-ერთი მათგანი, 46 წლის ორლინ რუსევი, პროკურატურის ცნობით, მოსკოვში მომუშავე ჯაშუშების ჯგუფს ხელმძღვანელობდა. სავარაუდოდ, მან დავალებები მიიღო ავსტრიელ ბიზნესმენ იან მარსალეკისგან, რომელიც რუსეთში გაიქცა.
2023 წელს ინგლისში ხუთი ბულგარელი დააკავეს. ბრიტანეთის გამოძიებამ განაცხადა, რომ ისინი მოსკოვის სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ მინიმუმ 3 წლის განმავლობაში. მოგვიანებით, იმავე საქმეზე კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ყველა ბრალდებულიდან, რუსევის გარდა, მხოლოდ ერთმა პირმა, ბიზერ ჯამბაზოვმა აღიარა დანაშაული.
გამოძიების ინფორმაციით, რუსევი გადაიბირა მარსალეკმა, რომელიც რუსეთის დაზვერვაზე მუშაობდა. ჯგუფი ჯაშუშობას ეწეოდა არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, არამედ გერმანიაშიც. ბულგარელი მარსალეკს იცნობდა და მის მიერ დაარსებულ Wirecard-ის საგადასახადო სისტემაში მუშაობდა.
რუსევმა ლონდონის ცენტრალურ სისხლის სამართლის სასამართლოში ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში აღიარა რუსეთზე მუშაობა. რადიო თავისუფლების ბულგარული სამსახურისთვის ცნობილი გახდა საქმეზე კიდევ სამი ბრალდებულის, 33 წლის კატრინ ივანოვის, 30 წლის ვონი გაბროვისა და 39 წლის ტიხომირ ივანჩევის ვინაობა. ისინი არ აღიარებენ დანაშაულს. ჯაშუშობის გარდა, ივანოვს ასევე ადანაშაულებენ ყალბი დოკუმენტების გამოყენებაში.
ასევე ნახეთ ბულგარეთის ყველაზე ძლევამოსილი ოლიგარქი დელიან პეევსკი შესაძლოა ძალაუფლებას კარგავდეს