სალომე ზურაბიშვილმა, სიტყვით გამოსვლისას მიმართა საზოგადოებას, რომ არ დაკარგონ იმედი და არ ჩაიკლან პროტესტის გრძნობა.
"მოგმართავთ ყველას, ვინც სახლში ხართ, ვინც გამოსული ხართ: არ დაკარგოთ იმედი, არავინ არ გაბედოს და არ ჩაგიკლათ დღევანდელი პროტესტი. როგორი იქნება ეს პროტესტი, სამართავია მომავალ დღეებში, ეს არის საზოგადოებისა და ამ [ოპოზიციური] ძალების გადასაწყვეტი. არშეგუება, არდანებება, წინააღმდეგობა. მე ამის ერთგული ვიქნები ბოლომდე, როგორც თქვენ იქნებით ერთგული ბოლომდე", - თქვა პრეზიდენტმა.
მანამდე, მან, ასევე მიმართა ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, საჯარო მოხელეებს, ელჩებს, ჯარსა და პოლიციას.
პრეზიდენტის სიტყვებით, ახლა არის ოპოზიციის ერთიანობისა და კოორდინირებული გადაწყვეტილებების დრო.
სალომე ზურაბიშვილმა, ასევე მიმართა საჯარო მოხელეებს და უთხრა მათ, რომ "უფრო მნიშვნელოვანია ღირსება და სამშობლო". ხოლო პოლიციელებს უთხრა, რომ მათი ვალია დაიცვან "მოქალაქეები და არა მონები".
- "მე აქ მივმართე პარტიებს - ახლა დრო აღარ არის იმისი რომ მე ჩემი აზრი მაქვს, ჩემი გზა მაქვს, ჩემი სურვილები მაქვს, ეს ყველაფერი დამთავრდა. დღეს ამ გამოწვევის წინაშე ან ვართ ერთად, ან არ ვიქნებით. ჩვენი პასუხისმგებლობა იქნება. მე ვიქნები ამათთან ერთად, თქვენთან ერთად, იმდენად, რამდენადაც იქნებიან ერთიანნი. მიიღებენ ერთად, კოორდინირებულ გადაწყვეტილებებს. არავინ არ სთხოვს პოლიტიკურ პარტიებს, რომ უცებ გახდნენ ერთი პარტია. ღმერთმა დაგვაშოროს ამისგან. აღარ გვინდა ერთპარტიული სისტემა, მაგრამ გვჭირდება გონივრული გადაწყვეტილებები, კოორდინირებულად მიღებული. ეს არის წინააღმდეგობის მოძრაობა და მე ვიქნები პრეზიდენტი ბოლომდე, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში დღეს, მე ვარ ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ამ ქვეყნის, მე ვარ ერთადერთი, რომელსაც უფლება აქვს მსოფლიოს დაელაპარაკოს ჩვენი საზოგადოების სახელით.
- მინდა მივმართო საზოგადოებას, საჯარო მოხელეებს, დრო არის იფიქროთ იმაზე, რა მომავალს უტოვებთ თქვენს შვილებს, დრო არის იფიქროთ, რა რეპუტაციას უტოვებთ თქვენს შვილებს, რას იფიქრებენ ხვალ და ზეგ როცა თქვენს შედეგში იცხოვრებენ. მე მესმის, რომ რთულია ასეთ ქვეყანაში, რთულია, ვითომდა ეკონომიკურად მზარდ ქვეყანაში... როდესაც ვიცით, რა პირობებში ცხოვრობს ხალხი. ღირსება უფრო მნიშვნელოვანია. ქვეყანა, სამშობლო უფრო მნიშვნელოვანია.
- მინდა მივმართო ელჩებს, დღეს რაღას აკეთებთ, ვის ემსახურებით? რას ემსახურებით? იფიქრეთ თქვენც, რუსეთს გინდათ, ემსახუროთ? ხვალ აქ რუსეთია.
- მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას. თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ. თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის, მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები, არა მოღალატეები. თქვენც აიღეთ თქვენს ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.
- მინდა მივმართო ქართულ ჯარს, რომელსაც დღეს ყველაზე მეტად სტკივა გული, რომელსაც დღეს არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არ ევალება, ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის, ის არის ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ჩვენ ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ დამოუკიდებლობა. ამ შენობაში გამოფენილია ყველა ჩვენი ეროვნული გმირის პორტრეტი. ეს შევძელით და ვერავინ ვერ მოხსნის, როგორც ვერავინ წაგვართმევს დამოუკიდებლობას".
ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებაზე უარის შესახებ პრემიერ ირაკლი კობახიძის ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებოდ მიიწვია ორბელიანების სასახლეში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატები. მისი განცხადებით, ელჩებს მან მიმართა, რომ "ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები".
"დღეს დავიბარე დიპლომატიური კორპუსი, მათაც იგივე ვუთხარი, რომ ცოტა დააგვიანეს შეფასებები, ბევრს რაღაცას ელოდნენ, რომ შეიძლება რაღაცაა დასამტკიცებელი. ყველაფერი ნათელია და თუ ვინმე არ ხედავს რომ ნათელია, ის მაინც, რომ პუტინმა რამდენიმე წუთში გამოთქვა კმაყოფილება და ხელისუფლებას დაუფასა თავისი მორჩილება, ეს მაინც არის მტკიცებულება იმისი, რაც ხდება. მათ მივმართე და ვთხოვე, რომ ახლავე მიიღონ ყველა ის გადაწყვეტილება რაც იყო ამდენ ხანს მისაღები და ჩვენ დაგვეხმარონ, იმ ერთადერთ მოთხოვნაში, რაც ჩვენი, ხალხის და საზოგადოების მოთხოვნაა - ახალი არჩევნების დანიშვნა და ჩატარება", - თქვა პრეზიდენტმა.
მისივე შეფასებით, დღეს დაესვა წერილი იმ "საკონსტიტუციო გადატრიალებას", რომელიც დაწყებულია.
"ყველას, ვისაც ჰქონდა რაღაცა ეჭვი, შეიძლება არა, შეიძლება რაღაცა სხვაა, ყველა ეს ეჭვი გაიფანტა. დღეს გამოაცხადა ამ არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ არა მშვიდობა, არამედ, ომი საკუთარ ხალხს, საკუთარ წარსულს, საკუთარ მომავალს".
საქართველოს ხელისუფლება უარს ამბობს 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე. ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში 28 ნოემბერს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, საქართველო 2028 წლის ბოლომდე არ იქნება მზად, დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ამ განცხადებამდე, ევროკავშირის წარმომადგენლებმა არაერთხელ თქვეს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. ევროკავშირმა საქართველოს ხელისუფლებას შეუჩერა საბიუჯეტო დახმარების დიდი ნაწილიც. მიზეზი „აგენტების კანონი“ და როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, სხვა არაევროპული კანონებია.
ასევე ნახეთ „ქართულ ოცნებას“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნა არ სურს