„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მთავრობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს მთავრობის შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობამ მე-11 მოწვევის პარლამენტში, ნდობა გამოუცხადა ახალ მთავრობას. პლენარული სხდომა მთლიანობაში 100 წუთამდე გაგრძელდა.

ახალ მთავრობას მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 84-მა დეპუტატმა. წინააღმდეგი არავინ ყოფილა.

სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი - 2024 წლის 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ყველა ოპოზიციური პარტია გაყალბებულს უწოდებს და მის შედეგებს არ აღიარებს.

ასევე ნახეთ პრეზიდენტი: ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში

ახალ მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა სამი ახალი მინისტრი წარადგინა. თანამდებობა დატოვეს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ. ისინი პარლამენტის დეპუტატებმა შეცვალეს.

ასევე ნახეთ სამი ყოფილი დეპუტატი და მომავალი მინისტრები - რა ვიცით მათზე

ახალი მთავრობის წევრები არიან:

  • ლევან დავითაშვილი - პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი;
  • ლაშა ხუციშვილი - ფინანსთა მინისტრი;
  • დავით სონღულაშვილი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი;
  • ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ირაკლი ჩიქოვანი - ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი;
  • ანრი ოხანაშვილი - იუსტიციის მინისტრი;
  • თეა ახვლედიანი - სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
  • მიხეილ სარჯველაძე - დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი;
  • ალექსანდრე წულაძე - განათლებისა და მეცნიერების მინისტრი;
  • თინათინ რუხაძე - კულტურისა და სპორტის მინისტრი (იგეგმება ცალკე გამოიყოს სპორტის სამინისტრო, რომელსაც შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს);
  • მაკა ბოჭორიშვილი - საგარეო საქმეთა მინისტრი.