აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი მაგისტრალის რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე ავტომობილები შეფერხებით გადაადგილდებიან. მიზეზი ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში მოსული თოვლია.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტში რადიო თავისუფლებას უთხრეს, მაგისტრალის ეს მონაკვეთი ჩაკეტილი არ არის, თოვლისგან გზის გაწმენდა რამდენიმე საათის წინ დაიწყო და ამ წუთებშიც გრძელდება. ავტომობილებს, რომლებსაც ზამთრისთვის განკუთვნილი საბურავები აქვთ, ნელი სვლით შეუძლიათ გადაადგილება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29 ნოემბრიდან საქართველოში გამოიდარებს, ნალექი შეწყდება - დღისით დასავლეთ საქართველოში შედარებით დათბება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შენარჩუნებული იქნება ცივი ამინდი.