1 იანვრიდან უცხოურ ვალუტაში სესხის აღება კიდევ უფრო რთულდება

სესხის აღებაზე რეგულაციებს ეროვნული ბანკი აწესებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, მომავალი, 2025 წლის 1 იანვრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში სესხის აღების პირობები იცვლება. საქართველოს მოქალაქე, რომელსაც შემოსავალი ლარში ერიცხება, ბანკებიდან უცხოურ ვალუტაში ფულს ვერ ისესხებს, თუ 500 000 ლარის ეკვივალენტზე ნაკლები თანხა სჭირდება. 

გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობისა და მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს, 27 ნოემბერს, მიიღო.

„სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“, - წერია ეროვნული ბანკის გავრცელებულ ინფორმაციაში.

უცხოურ ვალუტაში სესხის აღებაზე შეზღუდვების დაწესება 2017 წლის 20 იანვრიდან დაიწყო. თავდაპირველად ლიმიტი 100 000 ლარი იყო, 2019 წლის 23 იანვრიდან კი 200 000 ლარამდე გაიზარდა. დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოს მოქალაქეებს უცხოურ ვალუტაში სესხის აღება შეუძლიათ, თუ სჭირდებათ 400 ათას ლარზე მეტი.

ჯობია სესხის უცხოურ ვალუტაში აღება და თუ კი, რატომ?

ევროსა და დოლარში გაცემულ სესხებზე ბანკებში, ლართან შედარებით, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთია. თუკი იპოთეკურ სესხებზე წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ეროვნულ ვალუტაში 15 პროცენტიდან იწყება, დოლარის შემთხვევაში ეს რიცხვი 1,5-ჯერ ნაკლებია (10 პროცენტიდან), ევროს შემთხვევაში კი - თითქმის ნახევარი (8 პროცენტიდან). საბოლოო პირობები ბანკსა და კლიენტს შორის ინდივიდუალური კომუნიკაციით დგინდება.

თუ სესხის აღების მომენტიდან დაფარვამდე ეროვნული ვალუტის კურსი მცირედით შეიცვლება, უცხოურ ვალუტაში სესხის აღება უფრო მომგებიანი გამოდის. თუმცა არსებობს რისკებიც, როგორც ეს წლების წინ მოხდა: თუ ეროვნული ვალუტა მკვეთრად გაუფასურდება, ლარში იზრდება ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობა.