ახალი რუსული კანონი „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ სახელით

ავტორი: მარიამ მელქაძე

12 ნოემბერს რუსეთის პარლამენტმა ახალი კანონი მიიღო, რომელიც ე.წ. „უშვილობის პროპაგადის“ აკრძალვას გულისხმობს. ამით, რუსეთის მთავრობა ცდილობს „დაიცვას ოჯახური ღირებულებები“ და ხელი შეუწყოს ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემების აღმოფხვრას. მართლაც, ქვეყანა, ბოლო 25 წლის მანძილზე შობადობის ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. თუმცა, რეალურად შეუწყობს კი ეს კანონი ხელს შობადობის ზრდას, თუ ის, უბრალოდ, კიდევ ერთი, ადამიანის თავისუფალი არჩევანის შემზღუდველი კანონია, რომელიც „ოჯახის სიწმინდის“ იდეას არის ამოფარებული? ან სულაც, რამდენად მისაღებია შობადობის ნიშნულის ზრდა ადამიანის თავისუფლების ხარჯზე?

შვილის გაჩენა/არ გაჩენა ადამიანის არჩევანია და ამაში არაფერი გასაკვირი არაა, თუმცა, ინტერნეტ სივრცეში ბოლო წლებში გამოჩნდა ტრენდი, რომელიც “child free” მოძრაობას, „ეტიკეტირებას“, ამ თემაზე საჯარო, ღია გამოხატვას გულისხმობს. ინფლუენსერების გარშემო გამრავლდნენ ინტერნეტ-მომხმარებლები, რომლებიც ღიად საუბრობენ იმაზე, რომ არ სურთ ჰყავდეთ შვილები და არ იზიდავთ ცხოვრების წესი, სადაც მათ ბავშვის მოვლის პასუხისმგებლობა ექნებათ. “child free” ცხოვრების წესის მიმდევრები აცხადებენ, რომ მათი ცნობიერი არჩევანია არასოდეს იყოლიონ შვილები.

ფსევდო-კონსერვატიული ხედვის ადამიანებისთვის, ამგვარი არჩევანი ან ინტერნეტ ინფლუენსერები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ არჩევანს, პირდაპირ კონსპირაციის თეორიებს ებმის - „ეს ყველაფერი დიდი გეგმის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს დედამიწის მოსახლეობის განახევრებას,“ – „დედამიწაზე არ არის საკმარისი რესურსები და ამიტომ „ისინი“ ცდილობენ მოსახლეობის შემცირებას ლგბტ და უშვილობის პროპაგანდის მეშვეობით. – „ეს „გლობალური ომის პარტიის“ მიერ ადამიანთა გაწყვეტის კიდევ ერთი მეთოდია“. ვწერ და ვხვდები, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში ყველაფერი ისე გაგრძელდა, როგორც ახლა, - ახლო მომავალში ამ კანონის განხილვს ჩვენს პარლამენტშიც ვიხილავთ.

მე მყავს შვილი და მგონია, რომ მისი აღზრდა, მისი არსებობა, ჩემი ცხოვრების მთავრი მისიაა, თუმცა ისიც ვიცი, რამხელა პასხისმგებლობაა გააჩინო ადამიანი, უზრუნველყო მისი უსაფრთხოება, ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობა, მისცე განათლება და ულევი სიყვარული, რომელსაც ისინი ასე საჭიროებენ. ამიტომ მესმის ადამიანების, რომლებსაც არ სურთ მსგავსი პასუხისმგებლობების აღება. მესმის ადამიანების, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობენ და აფიქრებენ სხვა ადამიანებს, ნამდვილად სურთ თუ არა შვილის გაჩენა. მიზეზი ამ თემაზე დასაფიქრებლად ნამდვილად ბევრია, - შემიძლია კი ავიღო პასუხისმგებლობა? ღირს კი ამ სამყაროში ბავშვის გჩენა? მინდა, რომ მომდევნო 18 წელი ჩემზე იყოს დამოკიდებული სხვა ადამიანი? მე ვემხრობი აზრს, რომ ბავშვის გაჩენა ცნობიერი, რაციონალური არჩევანია და საუბარი, გამოხატვა, განსხვავებული აზრი არ უნდა ისჯებოდეს თანამედროვე სამყაროში.

არ მგონია, რომ რუსეთის დემოგრაფიული პრობლემები ამ კანონმა სულ ცოტათი მაინც მოაგვაროს, ერთს კი იზამს, - „ოჯახური ღირებულებების დაცვის“ სახელით, კიდევ უფრო შეზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას, გაამყარებს ცენზურას, ხელს შეუშლის კრიტიკულ აზროვნებას საზოგადოებაში და განსხვავებული აზრის მიღებას. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ „ოჯახის სიწმინდის“ დაცვის სახელით ბრძოლა დემოკრატიულ ღირებულებებთან რუსეთის კვალდაკვალ ჩვენი პრობლემაც გახდა.