ბელორუსი თუ აზერბაიჯანი?

ავტორი: ესმა გუმბერიძე

ამ 2 რეჟიმიდან რომელია უფრო რეპრესიული და მძიმე? წლებია, ეს კითხვა მაფიქრებს, სხვათა შორის. დავუსვი კიდეც ის რამდენიმე ექსპერტს, მაგრამ ცალსახა პასუხი ვერ მივიღე. საერთოდაც რატომ შევადარო ეს 2 ქვეყანა? გარდა იმისა, რომ ორივე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოა, ორივე ითვლება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორ 6 ქვეყანას შორის. ამიტომ, პირობითად, ბელორუსიც და აზერბაიჯანიც შეგვიძლია, ჩავთვალოთ, საბჭოთა კავშირის ევროპულ ნაწილში მდებარე საბჭოეთის ყოფილ კოლონიებად, რომლებიც ამავდროულად არ არიან ევროკავშირის ან ნატოს წევრები. ამიტომაც ამ მსჯელობაში განვიხილავ მხოლოდ ამ 2 ქვეყანას და არა, ვთქვათ, ცენტრალური აზიის სახელმწიფოებს. მართალია, ბელორუსი, აზერბაიჯანისგან განსხვავებით, გეოგრაფიულად არ არის საქართველოს მეზობელი, მაგრამ საერთო კოლონიური წარსული გარკვეულწილად გვაკავშირებს. ამიტომ მისი რეჟიმის შეფასება შესაძლოა, საგულისხმო იყოს ჩვენთვის იმის განსაჭვრეტად, თუ რა მომავალი შეიძლება, გველოდეს გაჩუმების შემთხვევაში. და ბოლოს, შედარებისთვის რუსეთზე იმიტომ არ ვმსჯელობ ამ პოსტში, რომ ამ 2 ქვეყნისგან მას დამპყრობლობის გამოცდილება განასხვავებს. არც ბელორუსი, არც აზერბაიჯანი დღეს დამპყრობლურ პოლიტიკას არ აწარმოებენ, რაც საქართველოს გარემოებებთან უფრო აახლოვებთ. ახლა კი საქმეზე გადავიდეთ:

ლუკაშენკოს გამოსვლებს რომ უყურო, ჩემთვის რაღაცნაირად რთული დასაჯერებელია, სისხლიანი დიქტატორი რომაა. სხვათა შორის, რამდენიმე ევროპელს ეგონა, რომ ლუკაშენკოს გადიქტატორება ახალი ამბავია. არადა ხელისუფლებაში პუტინზე დიდხანსაცაა და ალიევზეც. ჰო, კიდევ ის განცდა მაქვს, რომ თუკი ლუკაშენკოს 1 მშვენიერ დღეს ხელისუფლებიდან გააგდებენ, რეგიონის ბევრ სხვა დიქტატორთან შედარებით ადვილად გადაიტანს: იმსახურებს რომელიმე კოლმეურნეობის თავმჯდომარედ, მოიყვანს კარტოფილს და იქნება. ნუ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აღქმების ამბავია და მისი იმიჯის ნაწილი. ერთგვარად უბრალო, გლეხ ბაბუად წარმოაჩენს თავს. თორემ ბელორუსში საპროტესტო აქციების სისხლიანი დარბევების ამბები ჯერკიდევ ჩემს ბავშვობაში შუქდებოდა პოსტსაბჭოთა მედიაში.

აზერბაიჯანში, ბელორუსისგან განსხვავებით, სიკვდილით დასჯა ფორმალურად არ არსებობს. თუმცა ეს არაფრისმთქმელია. სიკვდილით დასჯა რუსეთშიც არ არსებობს, რაც ოპოზიციონერების, ჟურნალისტებისა და პოლიტპატიმრების მკვლელობას ხელს საერთოდ არ უშლის. იმის თქმა მინდა, რომ რეჟიმის სიმძიმე უამრავი სხვა ფაქტორითაც იზომება სიკვდილით დასჯის არსებობა-არარსებობის გარდა. ვერც ექსპერტებისგან, ვერც გუგლისგან, სხვათა შორის, ბელორუსისა და აზერბაიჯანის პუნქტობრივი შედარება ვერ მოვიძიე. ვიღაცებმა ერთი ჭირიაო მითხრეს დაკონკრეტების გარეშე. როგორც ჩანს, ითვლება, რომ დაახლ. თანაბარი სიმძიმის რეჟიმებია. მაგრამ მე 1 დამატებითი კრიტერიუმის შემოტანა მინდა: რამდენად რთულია ამ 2 საზოგადოებაში კრიტიკულად განწყობილი ადამიანის ყოფითი, ყოველდღიური ცხოვრება? ყოველდღიურობა კი, მოგეხსენებათ, მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებისგან არსად არ შედგება. მათ შორის ამ სტრუქტურებით ყველაზე დომინირებულ ქვეყნებშიც კი. მაგალითად, არის თუ არა ოპოზიციონერი, აქტივისტი ან კრიტიკული ჟურნალისტი ქალისთვის, შშმ პირისთვის საქმიანობა უფრო რთული, მეტი საფრთხის შემცველი? ან, იქნებ, ქალთა და შშმ პირთა აზრს ფასი არ აქვს და არავინ უსმენს და ამიტომაც არაა მათი საქმიანობა იმდენი საფრთხის შემცველი?

ერთმა აზერბაიჯანელმა ექსპერტმა ჩემს კითხვაზე პასუხად მოყვა, რომ ბელორუსისგან განსხვავებით მათთან ქალებს პოლიტიკური მოტივებით არ აპატიმრებენ, რადგან, მისი თქმით, „კავკასიური საზოგადოებები ქალებისადმი ტრადიციულად უფრო ლოიალურები არიან“. არის თუ არა ეს სიმართლე, არ ვიცი. მაგრამ რომც დავუშვათ, რომ სიმართლეა: მიუთითებს თუ არა თავისთავად ეს ფაქტი რეჟიმის სიმსუბუქეზე? OC მედიაზე ადრე წავიკითხე სტატია, როგორ აშანტაჟებენ აზერბაიჯანში კრიტიკულად განწყობილ აქტივისტებს მათი ნათესავი ქალების პირადი ცხოვრების დეტალების გახმაურებით. წარმოიდგინეთ, არათუ თვითონ ქალ აქტივისტებს, არამედ კაცებს ემუქრებიან, რომ მათი დების, ბიძაშვილებისა თუ შვილების ცხოვრების დეტალებს გაახმაურებენ და ამით აჩუმებენ. და თუ ეს მუქარა კაცებზე ჭრის, მათში შერცხვენის შიშს ნერგავს (ქალების გამო შერცხვენას კი კონსერვატიულ საზოგადოებებში იმ ადამიანის აზრის წონადობაზე, მისდამი ნდობასა და პატივისცემაზეც გამანადგურებელი ეფექტი ექნება ვითომ ქალი აქტივისტების მიმართ ვერ გამოიყენებენ ამ შანტაჟს? ვითომ ქალისთვის ის ნაკლებად მძიმე ასატანი იქნება? ქალმა აქტივისტმაც ხომ იცის, რომ მის შესახებ ხალხისთვის მიუღებელი ინფორმაცია თუ გავრცელდა, არათუ მის საზოგადოებრივ პოზიციას შეუდგება წყალი, არამედ ოჯახმაც კი შეიძლება, გარიყოს. თუ არა და ნათესავ კაცებს მინიმუმ ყველას ინფარქტ-ინსულტები დაარტყამს და მათი მკვლელობა ქალს დაბრალდება, რომელმაც ისინი ანერვიულა. ბელორუსში ქალის პირადი ცხოვრება, თუნდაც ქორწინების მიღმა, არავის უკვირს. ყოველ შემთხვევაში ყოფით დონეზე არ იგმობა. რა თქმა უნდა, არც ბელორუსი აქტივისტი ქალებისთვის იქნება მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროება სასიამოვნო, მაგრამ აზერბაიჯანელ ქალებთან შედარებით საქმიანი რეპუტაციის თვალსაზრისით გაცილებით ნაკლებად დააზარალებთ. შესაძლოა, სწორედ ამით აიხსნებოდეს, თუ რატომ არ აპატიმრებენ ქალებს პოლიტიკური მოტივით აზერბაიჯანში და აპატიმრებენ ბელორუსში. ამის გარდა აზერბაიჯანში არსებული გენდერული უთანასწორობის გამო უბრალოდ და ბანალურად ქალის სიტყვას შეიძლება, ნაკლები ფასი ჰქონდეს საზოგადოებაში, შესაბამისად მათი პოლიტიკური ოპოზიციონერობა ნაკლებ საფრთხედ აღიქმებოდეს ალიევის მიერ. ბელორუსი კი ყოფით დონეზე ბევრად უფრო თანასწორი და სტერეოტიპებისგან დაცლილი საზოგადოებაა.

ყოველივე ზემოაღწერილიდან გამომდინარე ამ 2 რეჟიმის სიმძიმეს სხვადასხვა აქტივისტები სხვადასხვანაირად განიცდიან. შეიძლება, ერთნაირად მძიმედ, მაგრამ არსით განსხვავებულად. აქ ისმის მეორე კითხვა: პოლიტიკური ოპოზიციისა და დისიდენტების გარდა ხალხის ფართო მასებისთვის რამდენად რთულია თითოეულ ამ რეჟიმში ცხოვრება? საბოლოო ჯამში პოლიტიკური დიქტატურა ხომ მთელ ხალხზე ახდენს გავლენას. საშუალო სტატისტიკური ქალისთვის ბელორუსში ცხოვრება, ჩემი შეფასებით, ბევრად უფრო ადვილია. იქ ნაკლებია ადრეული ქორწინებები, საზოგადოებისთვის არა დამახასიათებელი მოტაცებები, ოჯახური გარიგებით იძულებითი ქორწინებები. ქალი სარგებლობს მეტი პირადი თავისუფლებით. საზოგადოება, ოჯახი ისე მკაცრად არ უკონტროლებს, თუ რას ჩაიცვამს, სად ისწავლის ან იმუშავებს. 1 სიტყვით დიქტატურის პირობებშიც კი ხალხის დამოკიდებულებებს შეუძლიათ, ცხოვრება შეუმსუბუქონ ან პირიქით გაურთულონ სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფს. ამას მოწმობს ისტორიული გამოცდილებაც: ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ სხვადასხვა ქვეყანაში დევნილ ეთნიკურ ჯგუფს, ებრაელებს, სხვადასხვა ბედი ეწიატ. სადაც ანტისემიტიზმი ადგილობრივადაც ძლიერი იყო, იქ ბევრად მეტი ებრაელი შეეწირა ჰოლოკოსტს, მაგრამ იყო ქვეყნები, სადაც ხალხი მასობრივად ეხმარებოდა ებრაელებს, თუნდაც უდიდესი რისკის ფასად, რის შედეგადაც ამ ქვეყნებში გაცილებით მეტი ებრაელი გადარჩა.