„ძლიერი საქართველო“ ცესკოს ოფიციალურად მიმართავს საარჩევნო სიის გაუქმების მოთხოვნით

"ძლიერი საქართველოს" ლიდერების ბრიფინგი

კოალიცია "ძლიერი საქართველო", რომელიც ოთხ პოლიტიკურ ძალას აერთიანებს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოფიციალურად მიმართავს საპარლამენტო სიის გაუქმების მოთხოვნით. ამის შესახებ 26 ნოემბერს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს კოალიციის ლიდერებმა მამუკა ხაზარაძემ, ლევან ცუცქირიძემ, ანა დოლიძემ და ალეკო ელისაშვილმა. ამასთან, ისინი "სახალხო პარლამენტის" გარშემო კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავენ საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახულ პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებს.

"ეს გადაწყვეტილება ჩვენ მიღებული გვქონდა. უბრალოდ, ველოდებოდით პროცედურულად იურიდიულ ნაბიჯებს, რომელიც გუშინ წარმოიშვა, მიუხედავად იმისა, რომ არალეგიტიმურია [პარლამენტი]. ჩვენ მივმართავთ ცესკოს დღეს, შესაბამისი დოკუმენტაციით სიების ჩახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მან თქვა, რომ აქვს ალტერნატიული გეგმა ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნისთვის, პირობითი სახელწოდებით „სახალხო პარლამენტი“, რომელიც უნდა დაკომპლექტდეს "არჩეული და მოპარული ხმების დაანგარიშებით დეპუტატების საფუძველზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით". მამუკა ხაზარაძის თანახმად, გეგმის ნაწილია, "მოსთხოვონ დასავლეთს ამ ალტერნატიული ცენტრის აღიარება".

როგორც კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ განმარტა, ალტერნატიული პარლამენტის ან წარმომადგენლობითი საბჭოს შექმნაზე კონსულტაციების დაწყების ინიციატივით მიმართავენ პარტნიორ პოლიტიკურ ძალებს, სამი მნიშვნელოვანი მიზნისთვის საბრძოლველად.

"შედეგების ლეგიტიმაციისთვის დასავლელი პარტნიორების მიერ, რომ მოუწიოთ ფასის გადახდა დამრღვევებს და იმ ადამიანებს, რომლებიც დემოკრატიის წინააღმდეგ იღებენ გადაწყვეტილებებს... უნდა მოხდეს პოლიტიკური ხედვების და პროგრამების შემუშავება იმისთვის, რომ საქართველომ განაახლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებები". ამასთან, ცუცქირიძის განცხადებით, აუცილებელია პოლიტიკურ გაერთიანებებთან კონსულტაცია, რათა შეასრულონ "ქართული ქარტიით" ნაკისრი ვალდებულებები.

„ქართული ქარტია“ 26 მაისს წარადგინა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. ის ითვალისწინებს რეფორმების გატარებას ათზე მეტ სფეროში. მასზე ხელმომწერი პარტიები პასუხისმგებლობას იღებენ, რომ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, "ქარტიის" პირობებს შეასრულებენ. სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა.

იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველად შეკრების დღის ბოლოს კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ არ აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას და ითხოვენ მანდატების გაუქმებას - ოპოზიცია ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის.

სადეპუტატო მანდატის გაუქმების მოთხოვნით, 25 ნოემბერს პარლამენტს ელექტრონული ფოსტით მიმართა კოალიცია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

საპარლამენტო სიების გაუქმებასა და მანდატების დატოვებაზე 25 ნოემბერს პარლამენტის წინ ისაუბრეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. ისინი შესაბამისად წარმოადგენენ პარტია "დროას" და პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება." ორივე პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედიოდა გაერთიანებაში "კოალიცია ცვლილებებისთვის". ამ კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი დოკუმენტისა, რომელსაც ხელს ის და ნიკა მელია აწერენ - ორივე პოლიტიკოსი პარტია "ახალს" წარმოადგენს. "ახალმა" სიების გაუქმების მოთხოვნით ცესკოსაც მიმართა, განცხადება ცესკოში თენგო თევზაძემ წარადგინა.

საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის თანახმად განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში ცესკოს თავმჯდომარე გამოსცემს განკარგულებას განცხადების დაკმაყოფილების თაობაზე. თუ განცხადება ამ ვადაში არ დაკმაყოფილდა, პარლამენტის წევრობის კანდიდატი პარტიული სიიდან მოხსნილად ჩაითვლება ამ ვადის ამოწურვის მომდევნო დღიდან.

ცესკოს თავმჯდომარის განკარგულება საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებისათვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტის „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ მიერ პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შესახებ, 26 ნოემბერს გამოქვეყნდა ცესკოს საიტზე.

პარლამენტში 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ ყოფილან პარტიის, "საქართველოსთვის" წევრები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები იმ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, რომელიც პარლამენტთან გაიმართა. მათი ამ დრომდე ცნობილი პოზიციით, პარლამენტში შესვლას არც ამ პარტიის წევრები არ აპირებენ.

მე-11 მოწვევის პარლამენტი 25 ნოემბერს პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი სხდომაზე არ მიუწვევიათ. შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.