პრეზიდენტი: პარლამენტი აღარ არსებობს... ახალგაზრდობა უნდა მოემზადოს, ხელში აიღოს ქვეყნის სადავეები

სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს პრეზიდენტი

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეო მიმართვა გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა, "ქართულმა ოცნებამ" "კონსტიტუცია თავზე დაიხია".

"მივესალმები საქართველოს საზოგადოებას, რომელსაც დღეს გული სტკივა. ყველას უნდა გვტკიოდეს გული, რადგანაც დღეს საქართველოს პარლამენტი აღარ არსებობს და საქართველოს პარლამენტმა თუ მმართველმა გუნდმა თავზე დაიხია კონსტიტუცია.

ძალიან მეცოდებიან. მეცოდება პირველ რიგში [ირაკლი] კობახიძე, როგორც ამ კონსტიტუციის დამწერი, რომელმაც რაღაცები ვერ გათვალა, თორემ არ დასჭირდებოდა, რომ თავზე დაეხია კონსტიტუცია. მეცოდება ყველა ის პარლამენტარი, რომლებიც დღეს ისხდნენ გაყინული სახეებით, რამეთუ მათ იციან, რომ არიან გაყალბებული არჩევნების შედეგი, რამეთუ იციან რომ იქნებიან რამდენიმე თვით რამდენიმე კვირით ჩაკეტილი ამ დარბაზში, სადაც მათ თვითონ არცერთს არანაირი უფლება არ გააჩნია. მეცოდება ის საქართველო, სადაც ადამიანები ერთმანეთს ისე ესალმებიან, როგორც დღეს ჩვენ ვნახეთ კადრები, რომლებიც ნამდვილად სამარცხვინოა და შევა ისტორიაში, როგორც სამარცხვინო კადრი, ერთი მეორეს მისალმების თუ დაჩოქების", - ამბობს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი, ამავე მიმართვაში ახალგაზრდებს მიმართავს, რომ სწორედ მათ უნდა აიღონ ხელში ქვეყნის სადავეები და მოემზადონ მომდევნო არჩევნებისთვის.

"არ მეცოდებით თქვენ, არ მეცოდება ჩვენი საზოგადოება, რომელიც დგას იქ, სადაც უნდა იდგეს და როცა უნდა იდგეს. არ მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა, რამეთუ მომავალი მათ ხელშია, უნდა მოემზადონ, არამხოლოდ მომავალი იყოს მათ ხელში, არამედ ხელში აიღონ სადავეები ამ ქვეყნის. თუ რამეს ხედავთ, ეს არის რომ თქვენი დრო მოვიდა. ის ძველი დრო, რომელიც ასახულია პარლამენტში, ნამდვილად დამთავრდა. საჭიროა, ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში, რადგან ძალიან მალე დადგება ახალი არჩევნების დრო, რომელიც უნდა ჩატარდეს ახალი ფორმით, არა კალანდარიშვისეული ფორმით, არამედ თავისუფლად, სამართლიანად.

ასევე ნახეთ „შავი ორშაბათი საქართველოში“ - სალომე ზურაბიშვილი

ჩვენი მთავარი მოვალეობა ის კი არაა, ყოველდღე მაინც და მაინც სადმე ვიდგეთ, მთავარი მოვალეობა არის მომზადება. თუ მოვემზადებით, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი თავის, იმედი უნდა გვქონდეს ჩვენი პარტნიორების, რომლებიც ნამდვილად არ არიან მზად, მიატოვონ ჩვენი სამშობლო".

ზურაბიშვილი, ასევე გამოეხმაურა საპროტესტო აქციის პარალელურად, რამდენიმე ოპოზიციური პარტიის ლიდერის უცხოეთში გამგზავრებას და თქვა:

"მე, როცა გადავწყვეტ რომ წავიდე სტრასბურგში, გეტყვით წინასწარ, გეტყვით, რისთვის მივდივარ, გეტყვით, ვის ვხვდები, და რას ვაკეთებ და როგორ დავბრუნდები. მე აქ ვიქნები, ეს უკვე გითხარით და ერთად მოვემზადებით შემდეგი არჩევნებისთვის".

ასევე ნახეთ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ - მდინარაძე

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი ამ პარლამენტს არალეგიტიმურად და თვითგამოცხადებულად მიიჩნევენ.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.

შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

ასევე ნახეთ ხანგრძლივი შეხვედრა შედეგის გარეშე - რა ეტაპზეა პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები საკონსტიტუციოში