სერიოზულ შეშფოთებას გამოვხატავთ საარჩევნო დარღვევებზე, რომლებიც ამ დრომდე არ გამოიძიეს - ბრიტანეთის საელჩო

საილუსტრაციო ფოტო

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და "სერიოზულ შეშფოთებას" გამოხატავს იმის გამო, რომ საარჩევნო დარღვევები "საფუძვლიანად და დამოუკიდებლად" არ გამოიძიეს.

"დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის საელჩო ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ:

"ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ".

ასევე ნახეთ „შავი ორშაბათი საქართველოში“ - სალომე ზურაბიშვილი

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პარლამენტი არალეგიტიმური და თვითგამოცხადებულია.

მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი „ოცნებას“ არ მიუწვევია.

შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.

პარლამენტმა, პრეზიდენტისა და ოპოზიციის საკონსტიტუციო სარჩელების მიუხედავად, რომლითაც არჩევნების შედეგების გაუქმებას ითხოვენ, პარლამენტის 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

ასევე ნახეთ პარლამენტმა, კონსტიტუციური სარჩელის მიუხედავად, 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო