იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებზე ბარიერი გადალახეს, 25 ნოემბერს, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველად შეკრების დღის ბოლოს კიდევ ერთხელ აკეთებენ განცხადებას იმის შესახებ, რომ არ აპირებენ ამ პარლამენტში შესვლას და ითხოვენ საკუთარი მანდატების გაუქმებას - ოპოზიცია ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და ამ პარლამენტს არალეგიტიმურად თვლის.
"დაუყოვნებლივ მოვითხოვ შეწყდეს ჩემი მანდატი", - თქვა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ აღმართული საპროტესტო ტრიბუნიდან 25 ნოემბერს, დღის მეორე ნახევარში. მან აღნიშნა, რომ დეპუტატის სტატუსის მოხსნის შესახებ მოთხოვნა უკვე გაუგზავნა ელექტრონული ფოსტით პარლამენტს.
"დღევანდელ დღეს "ქართულმა ოცნებამ", ივანიშვილმა საკუთარი თავი დააყენა კონსტიტუციის გარეთ და აქედან გამომდინარე, ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე, როცა ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს, ჰყავს მხოლოდ თვითმარქვია დაჯგუფება, რომელიც თავს უწოდებს ხელისუფლებას და ჩვენ ყველანი ერთად შევქმნით ალტერნატიულ მექანიზმებს, რომელიც იქნება ლეგიტიმური თქვენგან და დაიწყებს ურთიერთობებს საერთაშორისო თანამეგობრობასთან იმისთვის, რომ საბოლოოდ ჩაბეტონდეს, რომ არ მოხდება ამ არჩევნების აღიარება და თქვენს წარმომადგენლად იქნება ცნობილი ის მექანიზმი, რომელსაც ჩამოვაყალიბებთ ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად", - თქვა გიორგი ვაშაძემ.
სიების ჩახსნაზე და მანდატების დატოვებაზე პარლამენტის წინ ისაუბრეს ელენე ხოშტარიამ და ზურა ჯაფარიძემაც. ისინი შესაბამისად წარმოადგენენ პარტია "დროას" და პარტიას "გირჩი - მეტი თავისუფლება." ორივე პარტია 26 ოქტომბრის არჩევნებზე შედიოდა გაერთიანებაში "კოალიცია ცვლილებებისთვის".
"ამ კონკრეტულ მომენტში მინდა განვაცხადო ფორმალურად, "კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით, რომ ამ წუთებში ჩვენი წარმომადგენელი იმყოფება ცესკოში და საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, მიმართავს ცესკოს, რომ ჩვენ ვხსნით ჩვენ სიას, არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ ვაპირებთ ამ პარლამენტთან არანაირ კავშირს და ფეხს არავინ ჩვენგან არ შედგამს ამ პარლამენტში", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ამ კოალიციის კიდევ ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე გამოაქვეყნა ტექსტი დოკუმენტისა, რომელსაც ხელს ის და ნიკა მელია აწერენ - ორივე პოლიტიკოსი პარტია "ახალს" წარმოადგენს.
"შექმნილ ვითარებაში, აუცილებლად მივიჩნევთ, ვიმოქმედოთ მხოლოდ ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესებში. ქვეყანაში პარლამენტად თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიმთვისებელთა ჯგუფთან რაიმე სამართლებრივ ფორმატში თანამშრომლობას სრულიად გამოვრიცხავთ. აღნიშნულს მივიჩნევთ არალეგალურ და არალეგიტიმურ პროცესებში თანამონაწილეობად.
აქედან გამომდინარე მოგმართავთ, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ 120-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად პარტიული სიიდან მოხსნათ ის დარჩენილი პარლამენტის წევრობის კანდიდატები, რომელთა უფლებამოსილებაც არ იცნო საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმით", - ესაა ფრაგმენტი იმ დოკუმენტიდან, რომლის ტექსტსაც ნიკა გვარამია ავრცელებს.
პარლამენტში 25 ნოემბერს გამართულ სხდომაზე არ ყოფილან პარტიის, "საქართველოსთვის" წევრები - ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და მისი პარტიის წარმომადგენლები იმ საპროტესტო აქციაში მონაწილეობდნენ, რომელიც პარლამენტთან იმართებოდა. მათი ამ დრომდე ცნობილი პოზიციით, პარლამენტში შესვლას არც ამ პარტიის წევრები არ აპირებენ.
რადიო თავისუფლება პარლამენტის პრესსამსახურთან ცდილობდა იმის გარკვევას, რამდენი განაცხადი აქვს მიღებული საკანონმდებლო ორგანოს ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ - პრესსამსახურმა ჩვენი კითხვა ახალი ამბის გამოქვეყნების მომენტისთვის უპასუხოდ დატოვა. პასუხის მიღების შემთხვევაში, ტექსტი განახლდება.
ასევე ნახეთ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე საპარლამენტო მანდატებს დატოვებენ - მდინარაძემე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე. ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში ბარიერი გადალახეს, არჩევნებს გაყალბებულად, პარლამენტს კი არალეგიტიმურად მიიჩნევენ. საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა სარჩელი - სალომე ზურაბიშვილი ასაჩივრებს არჩევნებზე ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას. 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა 30-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმაც.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.
ასევე ნახეთ „შავი ორშაბათი საქართველოში“ - სალომე ზურაბიშვილი
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არ დასწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები - ისინი სხდომაზე არ მიიწვიეს. შეზღუდული იყო მედიის დაშვებაც.