უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის ქალაქ კალუგაში დაარტყეს სამხედრო დანიშნულების ქარხანას

საილუსტრაციო ფოტო. უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი

უკრაინამ დაასახელა რუსეთის სამხედრო დანიშნულების კიდევ ერთი საწარმო, რომელსაც დღეს, 25 ნოემბერს, შეუტიეს. ქარხანა რუსეთის ქალაქ კალუგაში მდებარეობს.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციასთან ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელ ანდრი კოვალენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმაციით, შეტევა იყო ქარხანა „ტაიფუნზე“, რომელიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ნაწილია და აწარმოებს რადიოელექტრონული დაზვერვის და კავშირის საშუალებებს, ოპტიკურ-ელექტრონულ სისტემებს და კომპონენტებს სარაკეტო და საავიაციო სისტემებისთვის.

ღია წყაროების მიხედვით, კალუგაში მდებარე ქარხანა „ტაიფუნი“ რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტისა და სამოქალაქო სამსახურებისთვის წლების განმავლობაში აწარმოებს რთულ რადიოტექნიკურ კომპლექსებს. ქარხნის ახალი სახეობის პროდუქცია რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით გასაიდუმლოებულია.

ასევე ნახეთ "ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი

რუსეთის კალუგის ოლქის გუბერნატორმა ვლადისლავ შაპშამ ადგილობრივი დროით ღამის სამი საათის შემდეგ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ცნობა, რომ უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შედეგად ერთ-ერთ საწარმოში გაჩნდა ხანძარი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია და არავინ დაშავებულა. გუბერნატორს საწარმო არ დაუკონკრეტებია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში კალუგის ოლქში გაანადგურეს რვა უკრაინული დრონი.

საომარი მოქმედებების პირობებში მხარეთა მიერ გავრცელებული ცნობების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება გართულებულია.

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის რეგიონებს დრონებით თითქმის ყოველდღე უტევენ. უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე კანონიერ სამიზნეებად აქვს გამოცხადებული სამხედრო ობიექტები და საწარმოები, რომლებიც რუსეთის არმიის მომარაგებაზე მუშაობენ.