ახალ მთავრობაში იცვლებიან საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და სოფლის მეურნეობის მინისტრები

სურათზე მარცხნიდან მარჯვნივ: მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, დავით სონღულაშვილი

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალ მთავრობაში, - რომელსაც პარლამენტი 25 ნოემბერს დაამტკიცებს, - სამი მინისტრი იცვლება.

მინისტრობის კანდიდატები - პარლამენტის წევრები - კობახიძემ 25 ნოემბერს წარადგინა მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე:

საგარეო საქმეთა მინისტრი:

მაკა ბოჭორიშვილი ჩაანაცვლებს ილია დარჩიაშვილს, რომელიც პოსტს 2022 წლის 4 აპრილიდან იკავებდა.

ბოჭორიშვილი 2020-24 წლების (მე-10 მოწვევის) პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ილია დარჩიაშვილი

იუსტიციის მინისტრი:

ანრი ოხანაშვილი ჩაანაცვლებს რატი ბრეგაძეს, რომელიც 2021 წლის 1 აპრილიდან იკავებდა პოსტს.

ოხანაშვილი ბოლო მოწვევის პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

რატი ბრეგაძე

სოფლის მეურნეობის მინისტრი:

დავით სონღულაშვილი ჩაანაცვლებს ოთარ შამუგიას, რომელიც პოსტს 2022 წლის 9 თებერვლიდან იკავებდა.

სონღულაშვილი 2020-24 წლების პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე იყო.

ოთარ შამუგია

პრემიერმა ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ყოფილ მინისტრებს და განაცხადა, რომ სამივე მათგანი განაგრძობს მაღალ თანამდებობებზე მუშაობას.

„დეტალებს მოგვიანებით გაგაცნობთ“, - თქვა მან.

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის თავზე, 25 ნოემბერს, ახალი პარლამენტი იკრიბება.

პრეზიდენტი, ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ.

პარლამენტის პირველი სხდომა, - განსხვავებით კონსტიტუციით დადგენილი წესისაგან, - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუნიშნავს.

იგი სხდომას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს სამი არგუმენტით, - როგორც ეს პლატფორმა X-ზე დაწერა 24 ნოემბერს:

  1. „არჩევნების მასობრივად გაყალბებამ ძირი გამოუთხარა მის ლეგიტიმურობას;
  2. მე უარი განვაცხადე პირველი სესიის მოწვევაზე და კონსტიტუცია არ ცნობს ვინმე სხვის უფლებამოსილებას საამისოდ;
  3. მივმართე საკონსტიტუციო სასამართლოს, რომელსაც გადაწყვეტილება ჯერ არ გამოუცხადებია“.