რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარი ასლან ბჟანია ისევ აპირებს „პრეზიდენტად“ კენჭისყრას.
რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასის“ მიერ დღეს, 25 ნოემბერს, გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბჟანია ამბობს, რომ „აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში“ მონაწილეობას „აუცილებლად მიიღებს“ და თავის კანდიდატურას დააყენებს.
ბჟანიას განცხადებით, აფხაზეთში განვითარებულმა მოვლენებმა „სახელმწიფოს იმიჯს სერიოზული ზიანი მიაყენა“, თუმცა სიტუაცია არ მისულა „დაუბრუნებელ წერტილამდე“.
ასლან ბჟანიამ ე.წ. პრეზიდენტის თანამდებობა 19 ნოემბერს დატოვა, ადგილობრივი ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების შედეგად. გადადგომის შემდეგ ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.
ასევე ნახეთ ხელისუფლების ცვლილების აფხაზური ფორმულა -"ბრეხალოვკაზე" ყავას ვერ დალევრუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ვითარება 15 ნოემბრიდან დაიძაბა. ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის და დე ფაქტო პარლამენტის შენობებში შეიჭრნენ და ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას გადადგომა მოითხოვეს.
15 ნოემბერს დე ფაქტო პარლამენტს უნდა განეხილა ადგილობრივი ოპოზიციის და საზოგადოების ნაწილის პროტესტის გამომწვევი, ე.წ. რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმების რატიფიკაციის საკითხი. ეს შეთანხმება რუსულ კომპანიებს აძლევს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას და არაერთ შეღავათს.
საპროტესტო გამოსვლების გამო ე.წ. პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მზადდებოდა დოკუმენტი სადავო კანონპროექტის გასაწვევად და ამის მიზანი ვითარების სტაბილიზაცია იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ადგილობრივი ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებთან ერთად ე.წ. სამთავრობო კომპლექსის შენობებში შეიჭრნენ.
18 ნოემბერს დაიწყო აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლების მოლაპარაკება, რომელიც 19 ნოემბერს შეთანხმებით დასრულდა. ასლან ბჟანია გადადგომას დასთანხმდა, ადგილობრივმა ოპოზიციამ კი ე.წ. სამთავრობო კომპლექსი დატოვა.
ასევე ნახეთ აფხაზეთის ე.წ. მთავრობის სახლში ნაპოვნი დოკუმენტები და „საქართველოს კონსტიტუცია“ ბჟანიას მაგიდაზერუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები 2025 წლის 19 თებერვლამდე უნდა ჩატარდეს. თარიღს დე ფაქტო პარლამენტი განსაზღვრავს.