კახეთში ორი ადამიანია მოკლული

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში, თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის ცენტრალურ გზაზე ორი მამაკაცია მოკლული. ისინი თანასოფლელები არიან. ერთი 34 წლისაა, მეორე 52-ის.

რადიო თავისუფლებას ინფორმაცია დაუდასტურეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

შემთხვევის ადგილზე ორი ავტომობილი დგას, ორივეს ნატყვიარი ეტყობა და საქარე მინები აქვს ჩამსხვრეული. კარდენახში პოლიციის რამდენიმე ჯგუფი მუშაობს. მათ ტერიტორია ყვითელი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული და საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

რადიო თავისუფლება ცდილობს გაარკვიოს რა გახდა მკვლელობის მიზეზი. ამ ეტაპზე მოკლულთა ოჯახის წევრები და ახლობლები მედიასთან საუბარზე უარს ამბობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 109 (განზრახ მკვლელობა ორი ან მეტი პირის მიმართ) მუხლით.