კრემლთან დაახლოებული რუსული საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კვირას სატელეფონო საუბარი გამართა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან.
კრემლის ცნობით, ეს იყო ყაზანში 23 ოქტომბერს გამართული საუბრის გაგრძელება, "რომელზეც საგნობრივად განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები", ყურადღება გამახვილდა "სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ეფექტიანობის ამაღლებაზე" .
მხარეებმა ასევე განიხილეს არაერთი საერთაშორისო თემა, მაგრამ კრემლი არ აკონკრეტებს, თუ კერძოდ რა საკითხები განიხილა ორმა ლიდერმა.
თურქული სააგენტო "ანადოლუს" ცნობით, პუტინსა და ერდოღანს შორის საუბარს წინ უძღოდა 23 ნოემბრის დიალოგი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ჰაკან ფიდანსა და მის რუს კოლეგას სერგეი ლავროვს შორის, რომლის დროსაც თანამოსაუბრეებმა ორმხრივი და რეგიონული საკითხები განიხილეს.
Bloomberg-ი ერთი კვირის წინ წერდა, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა მოამზადა უკრაინაში ომის გაყინვის გეგმა, რომლის წარდგენასაც 18 ნოემბერს გეგმავდა რიო-დე-ჟანეიროში, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტზე.
ასევე ნახეთ ერდოანის სამშვიდობო გეგმით, უკრაინის კონფლიქტი გაიყინება ნატოში წევრობაზე კიევის უარის სანაცვლოდ
სააგენტოს თანამოსაუბრეების თქმით, ერდოანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შესთავაზებს ნატოში გაწევრიანების გადადებას მინიმუმ 10 წლით „პუტინისთვის დათმობის სახით“. ასევე შეთავაზებულ იქნება დემილიტარიზებული ზონის შექმნა დონბასის აღმოსავლეთით და იქ საერთაშორისო ჯარების განთავსება „დამატებითი გარანტიის სახით“. ერდოანის გეგმის კიდევ ერთი პუნქტია უკრაინისთვის იმის გარანტიის მიცემა, რომ კიევი სამხედრო დახმარებას მიიღებს ნატოში გაწევრიანებაზე უარის სანაცვლოდ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ადრე განაცხადა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია პუტინის მიმართ „დათმობები“ და რომ ეს ევროპისთვის „თვითმკვლელობა“ იქნებოდა. ამავე დროს, მან აღიარა, რომ რამდენიმე ევროპელი ლიდერი „მტკიცედ“ უჭერს მხარს კიევის მხრიდან ასეთ დათმობებზე წასვლას.
გასულ კვირაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის მომავალი ადმინისტრაციის დროს, რომელსაც ხელმძღვანელობს არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, "ომი უფრო სწრაფად დასრულდება".
ასევე ნახეთ ზელენსკი მიიჩნევს, რომ ტრამპის პირობებში უკრაინაში ომი უფრო სწრაფად დასრულდება