პუტინმა გასცა ბრძანება, რომ კურსკის რეგიონი ტრამპის ინაუგურაციამდე დაიბრუნონ - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მიზნად დაისახა უკრაინის ჯარების უკუგდება კურსკის რეგიონიდან (რუსეთი) 2025 წლის 20 იანვრამდე, აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციის თარიღამდე. რადიო თავისუფლების უკრაინული სამსახურის ცნობით, ამის შესახებ შაბათს უკრაინის ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"დარწმუნებული ვარ, რომ მას (პუტინს-რედ.) სურს ჩვენი განდევნა (კურსკის რეგიონიდან-რედ.) 20 იანვრამდე. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ ის აკონტროლებს სიტუაციას. მაგრამ ის არ აკონტროლებს სიტუაციას. კურსკის ოპერაცია არ არის სათამაშო. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ მას არ შეუძლია სრულად დაიცვას თავისი სახელმწიფო. მან ყველაფერი გადმოისროლა უკრაინის ოკუპაციისა და განადგურებისთვის", - განაცხადა ზელენსკიმ.

რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის იმ ტერიტორიის ფართობი, რომელიც ამა წლის 6 აგვისტოდან უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ იმყოფება, დაახლოებით 1000 კვ.კმ-ია.

ამერიკულ გამოცემა New York Times-ის თანახმად, რუსეთმა ამ მიწების გათავისუფლების მიზნით ნოემბრის დასაწყისში კურსკის ოლქის გარშემო თავი მოუყარა 50 000-იან დაჯგუფებას, რომელიც რუსეთის სხვადასხვა სამხედრო ოლქიდან გადმოსროლილი ნაწილების გარდა, ჩრდილოკორეულ ქვედანაყოფსაც აერთიანებს.

უკრაინამ რამდენიმე ბრიგადა გადაისროლა კურსკის დამცველების დასახმარებლად და პირველად გამოიყენა ამერიკული შორსმსროლელი ბალისტიკური რაკეტა ATACMS-ი და ბრიტანული რაკეტები Storm Shadow.

ასევე ნახეთ შეცვლის თუ არა უკრაინის ომში ძალთა ბალანსს ამერიკული რაკეტებით რუსეთის ტერიტორიის დაბომბვა?

პასუხად რუსეთმა პირველად გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ უახლესი ბალისტიკური ზებგერითი რაკეტა "ორეშნიკი", რომელმაც პუტინის თანახმად წარმატებით დააზიანა ერთ-ერთი უძველესი სამხედრო საწარმო დნეპროპეტროვსკში.

ასევე ნახეთ "ორეშნიკით" დარტყმა უკრაინაზე და მესამე მსოფლიო ომის აჩრდილი