ნატოს გენერალური მდივანი და დონალდ ტრამპი ფლორიდაში შეხვდნენ ერთმანეთს

ნატოს ახალი გენერალური მდივანი მარკ რიუტე (მარცხნივ) და დონალდ ტრამპი

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ ფლორიდაში აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა გამართა. ნატოს პრესსამსახურის ცნობით, მათ სამხედრო ალიანსის წინაშე მდგარი გლობალური უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. საუბრის დეტალები უცნობია.

სააგენტო "ფრანს პრესის" თანახმად, ნიდერლანდის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა რიუტემ 5 ნოემბერს ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამოთქვა არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრის სურვილი, ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის დაახლოების მზარდი საფრთხის შესახებ სასაუბროდ.

თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაში ტრამპმა გააკრიტიკა ევროპა თავდაცვის არასაკმარისი ხარჯების გამო და ეჭვქვეშ დააყენა სამართლიანი ტრანსატლანტიკური თანამშრომლობის ფარგლები. ამან გამოიწვია დაძაბულობა ევროპელ მოკავშირეებს შორის. ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად დაბრუნება ევროპაში შეშფოთებას იწვევს, რადგან მან შესაძლოა გადახედოს უკრაინის მხარდაჭერას, რომელიც ვაშინგტონისგან მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას იღებს.

ნატოს მოკავშირეები ხაზს უსვამენ, რომ კიევის დახმარება არის მთავარი ფაქტორი როგორც ევროპის, ასევე შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის.

ნატოს გენერალური მდივანი აშშ-ში ასევე შეხვდა კონგრესმენ მაიკ უოლცს, რომელსაც ტრამპმა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა შესთავაზა.

ასევე ნახეთ ტრამპის საგარეო პოლიტიკის გუნდის კონტურები იკვეთება - რას ველოდოთ?