თბილისში შაბათს, 23 ნოემბერს, 15:00 საათზე დაიწყო ოპოზიციური პარტიების დაანონსებული საპროტესტო დემონსტრაცია ხელახალი არჩევნების მოთხოვნით.
ოპოზიციის ლიდერებმა, ნიკა გვარამიამ და გიორგი ვაშაძემ 16:00 საათისთვის მოუწოდეს აქციაზე შეკრებილებს, გადაინაცვლონ გმირთა მოედანზე, ვარაზისხევის გავლით, და ღამის 10 საათამდე გადაკეტონ საავტომობილო მოძრაობა.
მოგვიანებით ნიკა გვარამიამ ფეისბუკზე დაწერა, რომ მოძრაობა 11 საათამდე იქნება გადაკეტილი.
გმირთა მოედანი ერთ-ერთი ძირითადი კვანძია სატრანსპორტო - საავტომობილო და საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მოძრაობისათვის.
ელენე ხოშტარიას თქმით, მომდევნო დღეების სამოქმედო გეგმას დღეს საღამოს გააცნობენ საზოგადოებას.
ზურა ჯაფარიძის თქმით, ოპოზიცია მშვიდობიან პროტესტს აგრძელებს - დეტალებს კი მოგვიანებით გააცნობენ საზოგადოებას.
25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია ბოიკოტს უცხადებს.
ასევე ნახეთ "ოცნება" ახალ პარლამენტს კრებს - რა ხდება პირველ დღეს და შემდეგ