აკაურთა შერეული - ქართველებით, სომხებით და აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფელია, ხატისოფელში კი მხოლოდ ქართველები ცხოვრობენ. ორივე სოფელი ბოლნისიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს.
აკაურთაში დილით ჩავედით, თუმცა სოფელი დიდი ხნის გაღვიძებული დაგვხვდა. სოფლებში ასეა, ადრე დგებიან. მოულოდნელად ჩასულ უცხო ადამიანებს ცნობისმოყვარეობით გვაკვირდებიან. ჩვენს მანქანას თვალს აყოლებენ. ზოგი ეჭვით გვათვალიერებს, ზოგი ინტერესს არ მალავს, რა გვინდა, საიდან ვართ, „მთავრობიდან ვართ“ თუ „ვისიანები ვართ“ და იქ რატომ აღმოვჩნდით.
ზოგი თავს გვარიდებს და ვიდეოკამერების დანახვაზე სწრაფად უხვევს სოფლის რომელიმე შესახვევში, „ტელევიზორში გამოჩენა არ უნდა“. ზოგიც პირიქით, ჩერდება, კამერას არ უშინდება და არც ლაპარაკს უფრთხის.
აკაურთის მთავარ ქუჩაზე ორი აზერბაიჯანელი ქალი გვხვდება. როცა იგებენ, რომ გვაინტერესებს ამ სოფლის პრობლემები და ხალხის განწყობები, ლაპარაკს თავად იწყებენ.
ამ ორიდან ერთი ქალი სოფლის მთავარ, გადაუჭრელ პრობლემას, უწყლობას უჩივის:
„ერთი დღე ჩემთან მოდის წყალი, მეორე დღეს სხვასთან, მერე ზეგ ისევ ჩემთან მოვა და ასე“, - წყლის პრობლემა სოფელს თითქმის 30 წელია აქვს და აკაურთა, ბოლნისის სოფლებს შორის, ამ მხრივ, გამონაკლისი არ არის.
აკაურთაში სულ დარეგისტრირებული იყო 855 ამომრჩეველი. არჩევნებზე მივიდა 378 და „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 353-მა ადამიანმა. ხატისოფელში კი ერთიან საარჩევნო სიაში იყო 308 ადამიანი. არჩევნებზე მივიდა 206 და „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა 161-მა ამომრჩეველმა.
საუბარში მეორე ქალიც ერთვება. მას ის აწუხებს, რომ ბავშვის ბაღში წასაყვანად დაქირავებულ მძღოლს თვეში 100 ლარი უნდა გადაუხადოს. აკაურთაში საბავშვო ბაღი არ არის. ცალკე სახელმწიფო სამარშრუტო სოფლის ბავშვებს არ ემსახურება, ამიტომ ოჯახებს თავად უწევთ მგზავრობის ფულის გადახდა.
როცა პოლიტიკაზე, პოლიტიკოსებზე, ჩავლილ არჩევნებზე ვუსვამთ კითხვას, გვეუბნებიან, რომ „ყველაფერი კარგადაა“ და გვშორდებიან.
აზერბაიჯანელ ქალებთან შეხვედრის შემდეგ ერთ-ერთ ქართულ, მაისურაძეების ოჯახში შევდივართ. წყლის ონკანის გვერდით რკინის ბიდონი დგას, რომლის ავსებაც უნდა მოასწრონ, როგორც კი წყალი მოვა. ყოველ მეორე დღეს ამ სოფლის მოსახლეობას აქვს საათ-ნახევარი ან ორი საათი, როცა ყველა ის საქმე უნდა მოასწროს, რაშიც წყალი სჭირდება.
ამ ოჯახში არა აქვთ სპეციალური დიდი ავზი, როგორსაც ეზოების უმრავლესობაში ვხვდებით. როცა ვეკითხებით, რაში ჰყოფნით აღებული წყალი, გვპასუხობენ, რომ „სასმელად ჰყოფნით. და ცოტა გასარეცხადაც“.
- სხვა რა გაწუხებთ? - ვეკითხები.
- სხვა ისეთი არაფერი. როგორც ყველას.
მერე კიდევ ერთ სახლთან ვჩერდებით. აზერბაიჯანული ოჯახია. სახლი მშენებლობის პროცესშია. აქ საბინა გვეგებება და ისიც გვაჩვენებს სად აგროვებს წყალს - სააბაზანო ოთახში დიდი პლასტმასის ავზი დგას, სადამდეც წყალი ონკანიდან შლანგით მოჰყავთ.
- ძალიან ძნელია. ზამთარში კიდე რა უჭირს და ზაფხულში სულ არ არის ხოლმე წყალი, საქმე კი იმდენია, - გვეუბნება საბინა.
საუბარში იქვე მყოფი ილხამი ერთვება და ამბობს, რომ კი აქვს სოფელს წყლის პრობლემა, მაგრამ შეჩვეულები არიან.
მერე ვეკითხები, არჩევნებმა როგორ ჩაიარა. ცერა თითს მაღლა წევს. ყველაფერი კარგად, კარგად, - ამბობს.
ჩვენ გზას ვაგრძელებთ. გზას სოფლის წყარომდე მივყავართ, სადაც წყალი მოდის. მალე წყაროს ბიდონებით ხელში ქალი უახლოვდება. წყალს ავსებს და მიაქვს. მერე კიდევ სხვა ქალი მოდის წყლის ჭურჭლით.
აკაურთა სოფლის მდორე ცხოვრებით ცხოვრობს.
აქ წლებია ერთმანეთის გვერდით ცხოვრობენ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები.
დილაობით სოფლის კაცები ნახირს საძოვარზე მიერეკებიან. საღამოს უკან მოჰყავთ. ქალებს სახლის საქმე აბარიათ. დილა-საღამოს ისინი ძროხებს წველიან, ყველს ამზადებენ, მერე ბაზარში ყიდიან.
სოფელში დარჩენილი კაცები დროს სოფლის ბირჟაზე კლავენ. ვინც წასვლა შეძლო, წავიდა - ნაწილი პოლონეთში სამუშაოდ, ნაწილიც თბილისში. რამდენიმე ადამიანი ბოლნისშია დასაქმებული, ზოგიც კაზრეთში, კარიერზე მუშაობს.
პენსია და მესაქონლეობა ამ სოფლის მოსახლეობის ძირითადი შემოსავალია. უმრავლესობა უმუშევარია.
რადგან სოფელს სარწყავი წყალი არა აქვს, მოსავალიც ნაკლებად მოდის.
- მოსავალი უკვე დააბინავეთ?
ამ კითხვაზე ყველა მპასუხობს, რომ ასაღები არაფერი იყო.
- არც ხილი?
- აი, კარალიოკი მოდის. ქალები ჩირს აკეთებენ.
აკაურთის ბევრი სახლის აივანზე დაინახავთ ასხმული კარალიოკის ჩირის „ფარდებს“.
სოფელში არის ორი-სამი მაღაზია, სკოლა, ექიმის ოთახი-ამბულატორია, სარიტუალო დარბაზი, V-VI საუკუნეების ეკლესია.
აკაურთაში ბევრ ადგილას შეხვდებით „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პლაკატებს. ოპოზიციის პლაკატები არსად ჩანს.
მამედ მამედოვი აკაურთის ოჯახის ექიმია. იქაურობის გარდა, მას კიდევ სამი სოფელი აბარია და სულ 1700 ადამიანს ემსახურება. მას შემდეგ, რაც ბაქოში ისწავლა და საქართველოს გარეთ, სხვადასხვა ადგილას იმუშავა კიდეც, ისევ თავის სოფელში დაბრუნდა და უკვე 42 წელია ამ საქმეს აკეთებს.
„ჩვენს ოჯახში ყველა ექიმი ან ექთანი იყო. მეც ეს გზა ავირჩიე. დავბრუნდი და შევრჩი აქაურობას. მიყვარს ჩემი საქმეც და ჩემი აკაურთაც“, - ამბობს მამედი.
ჩვენ რომ ჩავედით, ორი პაციენტი უკვე გასტუმრებული ჰყავდა.
„ძირითადად წნევა აწუხებთ ხოლმე. ძვირია წამლები, ამას წინათ ერთ პაციენტს 90 ლარი დაუჯდა წამლები. 90 ლარი ძალიან ბევრია სოფელში მცხოვრები ადამიანისთვის“.
- ხალხი ახერხებს ექიმთან მისვლას?
- ვისაც შესაძლებლობა აქვს, ქალაქში მიდის ხოლმე.
- სასწრაფო თუ დასჭირდათ?
- ბოლნისიდან ვიძახებთ ხოლმე.
- დროულად მოდის?
- კი, ძალიან.
მამედი პაციენტებს ერთ პატარა ოთახში იღებს, რომელიც იმავე შენობაშია, სადაც საარჩევნო პუნქტი იხსნება ხოლმე. ამ შენობის წინაა სოფლის ერთ-ერთი ბირჟაც.
ბირჟაზე სოფელში მცხოვრები კაცები დგანან.
დროის გასაყვანად კარტს თამაშობენ ხოლმე. ხან უბრალოდ შემოდგომის მზეს ეფიცხებიან და ლაპარაკობენ. ხანდახან, თუ პაციენტი არ ჰყავს, მათ მამედიც უერთდება.
ცოტა ხანი ბირჟაზე ჩვენც გავატარეთ. გვინდოდა მათგანაც მოგვესმინა, რა აწუხებთ ყველაზე მეტად. რა მოსწონთ, რა არა. რას ფიქრობენ ქვეყანაში მიმდინარე ამბებზე. არჩევნების შედეგებით კმაყოფილები არიან თუ მათაც აქვთ კითხვები იმ ხალხის მსგავსად, ვისაც სჯერა, რომ არჩევნები გაყალბდა. მთავრობასთან თუ აქვთ კითხვები. ოპოზიციაზე რა აზრის არიან.
- საათ-ნახევარი რომ მოვა წყალი, რაში უნდა გეყოს ადამიანს? ხომ უნდა დაიბანო, სარეცხის მანქანა ხომ უნდა ჩართო, რაღაცა სამზარეულოში გააკეთო. 30 წელზე მეტია ასეა, - ისევ მამედი იწყებს ლაპარაკს. სხვები ეთანხმებიან.
- ამ მთავრობის წინ რომ მთავრობა იყო, მაშინაც იყო ეგ პრობლემა, - მხარს უბამს მამედს თანასოფლელი და მერე ერთმანეთში აგრძელებენ დიალოგს.
- ამ მთავრობის დროს სარიტუალო სახლი გაკეთდა. შუქი გაკეთდა. გაზიც არის.
- აი, ხომ ვამბობთ, რომ წყლის პრობლემაა, ამის პრობლემა, იმის პრობლემა, მაგრამ ხალხისთვის მაინც მთავარი არის მშვიდობა. თუ მშვიდობა არ იქნება, სად წავა და სად იმუშავებს?
რადიო თავისუფლება: ომის შიში გაქვთ, ფიქრობთ, რომ ომი დაიწყება?
- ომის შიში არა, თუ არეულობა იქნება, ყველაფერი გაძვირდება. ერთმანეთში კარგი ურთიერთობა არ გვექნება... მარტო ომის დაწყების შიში არ არის.
რადიო თავისუფლება: სოფელში მოდიან ხოლმე მთავრობიდან ან ოპოზიციიდან? გეკითხებიან რამეზე აზრს? როგორ ხართ, რა გინდათ...
- მოდიან, მოდიან. ძირითადად მთავრობა. დეპუტატი. გამგებელი. თუ რამე დაგვჭირდება, ჩვენ ვრეკავთ და ვეუბნებით, რომ ესა და ეს პრობლემა გვაქვს და მერე მოდიან.
აკაურთის ბირჟაზე შეკრებილებს ისიც ვკითხეთ, საიდან იღებენ ინფორმაციას, რომელ სატელევიზიო არხებს უყურებენ.
„ქართული ვინც იცის, უყურებენ ქართულ არხებსაც და ვინც არ იცის, ინტერნეტში ხომ არის ყველაფერი? კიდევ მოამბეც ხომ გადის აზერბაიჯანულად“, - ისევ მამედი გვპასუხობს.
რომელიმე მედიას უფრო თუ ენდობით-მეთქი, ვეკითხები.
- სიმართლე გითხრათ, არცერთს. რასაც ტელევიზორში ამბობენ, ერთია და მერე ყველაფერი სხვანაირად კეთდება. ყველგან ეგრე არ არის?
რადიო თავისუფლება: ფული საიდან აქვს ხალხს?
- პენსია. ვიღაცას საქონელი ჰყავს… აბა, სამასი ლარი რა ფულია. თუ მუშაობს ვინმე, იმას კიდევ ხელფასი აქვს. მე ექიმი ვარ, ეს მძღოლია, ეს კიდე ხელოსანი და ასე.
მამედს ვეკითხებით, თუ ამდენი პრობლემაა სოფელში, რატომ უჭერს მაინც მხარს მოსახლეობის 95% მის სოფელში „ქართულ ოცნებას“.
- აქაური ხალხი ყველა მთავრობის დროს სულ მთავრობას უჭერდნენ მხარს, - მპასუხობს.
- თქვენი აზრით, რატომ?
- რა ვიცი. ალბათ, მაინც ეშინიათ.
ბირჟა ნელ-ნელა დროებით იშლება. მამედიც სახლში წასასვლელად ემზადება. აკაურთაში მორიგეობის შემდეგ სოფელ ქვეშში უნდა წავიდეს, სადაც უფრო დიდი ამბულატორიაა. პაციენტები იქაც ელიან.
ხატისოფელი
აკაურთის მერე ხატისოფელში მივდივართ. ამ სოფელს ადრე წითელსოფელი ერქვა. იქ ქართველები ცხოვრობენ. ეს სოფელი ბოლნისიდან დაახლოებით 8 კილომეტრშია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელში სკოლა არის, ბავშვების ნაწილი სკოლაში ბოლნისში დაჰყავთ.
სამარშრუტო ტაქსის მძღოლი გელა დვალიშვილია. გზადაგზა ბავშვებს აგროვებს და გეზს ბოლნისისკენ იღებს - დღეში რამდენიმე რეისის შესრულება უწევს წინ და უკან, რადგან პირველი და მეორე ცვლის მოსწავლეები უნდა ჩამოარიგოს ბოლნისის სკოლებში.
„ცხრის ნახევარზე იწყება ჩემი სამუშაო დღე და ექვსზე ვამთავრებ“, - ამბობს გელა.
დილით ბოლნისისკენ 20-22 ბავშვი მიჰყავს, მეორე ცვლაშიც დაახლოებით ათნი გროვდებიან.
„ჭკვიანად, აბა, კამერებია, ხო ხედავთ, ძალიან ნუ დაგიჟდებით“, - აფრთხილებს თავის მგზავრებს, მერე კი სოფელზე გვიყვება.
„უმუშევრებიც გვყავს სოფელში, მაგრამ დანარჩენები ყველა დასაქმებულია, ყველა მუშაობს, ყველა კარგადაა... ერთი სამოცი მოსახლე კი ვართ ახლა სოფელში. აჭარლების ჩათვლით (გულისხმობს წლების წინ სოფელში ჩასახლებულ ეკომიგრანტებს) ასე 80-100 ოჯახი იქნება“.
გელასაც ვეკითხებით, რა აწუხებს სოფელს ყველაზე მეტად დღეს.
ამბობს, ადრე წყლის პრობლემა იყო, მაგრამ ახლა აკეთებენო.
- ანუ, წყლის პრობლემა გადაჭრილია ამ სოფელში?
- ბოლომდე არა, მაგრამ აკეთებენ. აი, გზაც ხომ გააკეთეს. ბეტონის გზა. მაგასაც გააკეთებენ. განათება გვაქვს და ყველაფერი გვაქვს.
როცა გელას ვეკითხებით, რატომ არის მთავრობით კმაყოფილი, ასე გვპასუხობს:
„ადრე შიშ-კანკალში იყო მთელი ქვეყანა. ზოგს მიწა წაგვართვეს, ზოგს რა. ახლა კიდევ, თავის ნებაზე ყველა თავის საქმეს აკეთებს. არავინ არავის არაფერს უშლის, გააკეთე საქმე, ირჩინე თავი“.
ხატისოფლის შესასვლელში ახალი საჭიდაო დარბაზი დგას. ეს დარბაზი 2019 წელს აშენდა და იქ ბავშვებს თავისუფალ ჭიდაობაში სპორტის ოსტატი დავით მამულაშვილი ამეცადინებს.
იხსენებს, რომ როცა თვითონ პატარა იყო, მეოთხეკლასელი 14 კილომეტრს გადიოდა ბოლნისამდე და უკან, ჭიდაობაში რომ ევარჯიშა.
„ახლა კი სოფელს ასეთი საჭიდაო დარბაზი აქვს. ეს დარბაზი 2019 წელს ამიშენდა. მადლობა ჩვენს მუნიციპალიტეტს ამისთვის. ასეთი დარბაზი, სოფელში კი არა, რაიონებში და დიდ ქალაქებში არა აქვთ“.
ჭიდაობის გაკვეთილი ჩვენი იქ ყოფნის დროსაც დაემთხვა. ბიჭების გარდა, გოგონებიც ვარჯიშობდნენ.
„სოფელი კმაყოფილია. აი, როგორც ხედავთ, ყველაფერი კარგადაა ჩვენთან. ვენახები შეისყიდა ხალხმა. ყურძენი აქვთ, ღვინო. შემოსავალი აქვთ. ყველაფერი აქვთ, რომ იცხოვრონ და მშივრები არ იყვნენ“, - გვეუბნება დავით მამულაშვილი.
- თქვენი აზრით, მაინც რა არის იმის მიზეზი, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ სოფელში 78%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა? თქვენ რატომ მოგწონთ მმართველი პარტია?
- იმიტომ რომ ყველანაირად კმაყოფილი ვარ... ჯერ მარტო ეს დარბაზი. მარტო მე ხომ არ ამიშენდა? ჩემი პირადი ხომ არაა? სოფლისაა. მერე კიდევ, ხალხის გვერდში დგომა იციან. მიხვალ, ადამიანურად დაგელაპარაკებიან. კონტაქტში შედიან ხალხთან რა. და ხალხსაც უყვარს ეგენი. თან, აი, გზა გააკეთეს, წყალი...
- ეგ ხომ ისედაც მთავრობის საქმეა?
- დიახ, მაგრამ ხომ გააკეთეს.
- ოპოზიციასთან გაქვთ კითხვები? ან რა აზრის ხართ მათზე?
- მე მგონი, ხალხმა ვერ დაინახა მათში ისეთი რაღაცა... როგორ ვთქვა... მოკლედ, ვერ გაარკვევდი სამართალს. იჩაგრებოდა ადამიანი.
- ამ სოფელში ხალხი უფრო ხშირად რას უყურებს, ვის უსმენს, ახალ ამბებს საიდან იგებთ?
- „იმედს“ უყურებს ყველა... ის პირველი არხები და სხვები არ გეტყვიან მაინც სიმართლეს.
- „იმედი'' რასაც ამბობს, მაგის გჯერათ?
- გვჯერა, კი. რასაც იძახიან, გვიკეთებენ. აი, სამი-ოთხი წლის წინ რომ მოსულიყავით, დარწმუნდებოდით მაგაში, ვერ იცნობდით ამ სოფელს. ახლა კიდევ, აი, გზა. ეკლესიამდე ქვაფენილი დააგეს....
ხატისოფელში რესპონდენტებს იქ ჩასვლამდეც ვეძებდით. თუმცა როცა იგებდნენ, რა გვაინტერესებდა, შეხვედრისა და ინტერვიუსგან თავს იკავებდნენ. „მე რა უნდა გითხრათ. მე რა მაქვს სათქმელი“, - ასეთი იყო პასუხი.
უკანა გზაზე, როცა უკვე სოფელს ვტოვებდით, სიმინდის ყანაში კიდევ ერთი ადგილობრივი, მიხეილ ინაძე შეგვხვდა. საშემოდგომო სამუშაოები გაჰყავდა ბოლოში. აზრი მასაც ვკითხეთ. პრობლემებზე რომ მიდგა საქმე, მანაც უწყლობა დაასახელა.
- წლებია, არ არის სასმელი წყალი. აკეთებენ თითქოს, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიდა, რომ ყველა სახლამდე წყალი მივიდეს.
- და რას გეუბნებიან მთელი ეს წლები?
- ვაკეთებთო რა. ვაკეთებთო.
- ხალხი არ ლაპარაკობს ხოლმე ხმამაღლა ამ პრობლემებზე? იმაზე, რაც აწუხებთ, ან რასაც მართლა ფიქრობენ?
- ყველა ამას ფიქრობს, სამსახურიდან არ გაგვაგდონო... წესით, ეს ხომ ასე არ უნდა იყოს, თუ დემოკრატია და თავისუფლება გინდა? რა შუაშია სამსახურიდან გაგდება, შენ მიმიღე? ან იმისთვის უნდა გამაგდო, დღეს რაკი შენ მხარეს არ ვარ? რა ვიცი. მე მგონი, აზრის გამოთქმის საშუალება უნდა ჰქონდეს ადამიანს ყველაფერზე. არ უნდა ეშინოდეს.
- და აქ ეშინიათ?
- ალბათ, ეშინიათ. აი, წუხელაც ვუყურებდი, ამერიკის პრეზიდენტს როგორ გადააბარეს ხელისუფლება. მშვიდად. 12 წლის წინ ჩვენც ხომ ასე გადავაბარეთ ამათ? ახლაც ველოდი ცვლილებებს, მაგრამ ასე არ მოხდა.
- ხალხი რა აზრზეა?
- ხედავენ, გზა გაკეთდა, წყალი კეთდება... მაგრამ იმას კი არ უყურებენ, მთლიანობაში რა ხდება ამ ქვეყანაში. მარტო გზა და წყალი ხომ არ არის ყველაფერი...